საქართველო – რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი

0

A local resident greets Georgian troops moving to the city of Tskhinvali2008 წლის დასაწყისიდან მოსკოვის, მისი მარიონეტული რეჟიმებისა და თბილისის მხრიდან პერიოდულად ვითარების დაძაბვის მცდელობისა და პროვოკაციების თაობაზე ურთიერთბრალდებები ისმოდა. ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა, რომელიც აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა და ალიანსის წევრმა სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა არ მიანიჭეს MAP-ი, რაც გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთისათვის, ემოქმედა შედარებით თავისუფლად, მაგრამ აღსანიშნია, რომ განცხადებამ რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ნატოს წევრი არ გახდეს.

omi2omi3omi4ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს ნატოს პოზიციის საპასუხოდ “საშინაო მონახაზები” მზად აქვს. 31 მაისს რუსეთმა რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე (აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე) დაასრულა. პარალელურად, მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლები თითქმის ყოველდღე იბომბებოდა. 30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო. პირველ აგვისტოს ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვნებს შორის შეტაკება მოხდა. ეს იყო ბოლო პერიოდის ყველაზე სერიოზული შეტაკება, რომლის შედეგად 6 შეიარაღებული ოსი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. ნულის, ავნევის, დვანის და სხვა ქართული სოფლების დაბომბვა კვლავ გაგრძელდა.

7 აგვისტოს ცხინვალში დე-ფაქტო ვიცე-პრემიერთან ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად გაემგზავრა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. შეხვედრას უნდა დასწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, მაგრამ მან ავტომობილის დაზიანება მოიმიზეზა და ცხინვალში აღარ ჩავიდა. იაკობაშვილმა მხოლოდ რუსი სამშვიდობოების სარდალთან, მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა და ცხინვალი მალე დატოვა. ღია სამხედრო მოქმედებები დაიწყო ფართო მასშტაბიანი ქართული სამხედრო ოპერაციით, რომელიც განხორციელდა ქალაქ ცხინვალისა და მისი შემოგარენის მიმართულებით 2008 წლის 7–8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია საქართველოს მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო. სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, საქართველოს გაერთიანებული სამშვიდობო ძალების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა იმის შესახებ, რომ სამხედრო ოპერაცია მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ხოლო ოდნავ მოგვიანებით საქართველოს მხარემ უარყო მამუკა ყურაშვილის განცხადება, როგორც უფლებამოსილების არმქონე პირის მიერ გაკეთებული და სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძვლად რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრა გამოაცხადა.

omi5omi6omi7საქართველოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ”იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება, 7 აგვისტოს 23:35 წუთზე საქართველოს პრეზიდენტმა გასცა ბრძანება თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ. თუმცა, მალე ბრძოლაში რუსეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ნაწილები და შეიარაღებული ქვედანაყოფები ჩაერთნენ, საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა სცადეს ცხინვალის დაკავება, მაგრამ რუსული ავიაციის იერიშის შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდგარი რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა.

12 აგვისტოს ნ. სარკოზიმ 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს დ. მედვედევთან და მ. სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა. ხელშეკრულება მიღებულ იქნა, მაგრამ დღემდე შეუსრულებელი რჩება.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 23 ჯარისკაცი. სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. ამათგან 30 ათასამდე დღემდე დევნილობაში რჩება. 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლო) დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას დღემდე მხარი მხოლოდ დაჯგუფება “ჰამასმა”, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ დაუჭირეს, ისიც განცხადების დონეზე. 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით, რუსულ შეიარაღებულ შენაერთებს კონფლიქტის ზონების გარეთ მდებარე ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. პირველი ოქტომბრიდან კი საქართველოში პატრულირება ევროკავშირის დამკვირვებლებმა დაიწყეს. 10 ოქტომბერს, რუსული ჯარების გაყვანის პროცესის შესამოწმებლად, გორის რაიონს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვია და რამდენიმე სოფელი მოინახულა, მისი შეფასებით, მოსკოვმა შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. რუსი ოკუპანტები კვლავ დარჩნენ სოფელ პერევში, რომელიც 12 დეკემბერს მხოლოდ რამდენიმე საათით დატოვეს. კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ჟენევის კონსულტაციების ფორმატში გაგრძელდა. მასში საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. შეხვედრებს, რუსული დელეგაციის შემადგენლობაში, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჟენევის ფორმატში გამართული სამი შეხვედრა, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, ხოლო საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის 2009 წელში გაგრძელების გადაწყვეტილებას რუსეთმა 26 დეკემბერს ვეტო დაადო.

სხვა ახალი ამბები: