სახალხო დამცველი ენგურის ხიდზე მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

ucha_nanuashvili_2707საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქართული მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთის გამყოფ ხაზზე 12 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელსაც საშუალება არ მიეცა გადმოეკვეთა ადმინისტრაციული ხაზი და მიეღო დროული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმაც.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს.

როგორც ცნობილია, გალის რაიონში ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის მიზეზით, ოჯახმა ბავშვის სამკურნალოდ ზუგდიდში გადაყვანა გადაწყვიტა. თუმცა, საბუთების არ ქონის გამო, ისინი ვერ შეძლებდნენ გამყოფ ხაზზე არსებული გამშვები პუნქტებით სარგებლობას და ამიტომ, შემოვლითი გზით სცადეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა. ასეთი მოვლენა გალის რაიონში პირველი არ არის. ფატალურად დამთავრდა რამდენიმე მსგავსი შემთხვევა 2011-2012 წლებში. 2014 წელს, სახალხო დამცველი ესაუბრა 12 წლის გალის მკვიდრს და მის მშობელს, რომლებიც 2014 წლის დეკემბერში, შემოვლით გზაზე მაშინ დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა, როდესაც თბილისში დაგეგმილ ქირურგიულ ოპერაციაზე მიდიოდნენ. მათ რუსეთის ბაზის გაყინულ სარდაფში 5 საათის გატარება მოუწიათ, შედეგად ბავშვს აეწია ტემპერატურა, დაეწყო ასთმური შეტევები და მისთვის ოპერაციის გაკეთება რამდენიმე თვით გადაიდო.

სახალხო დამცველი განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს ომ პრობლემებზე, რომელიც კონფლიქტის ზონის მოსახლეობას გადაადგილებისა და ჯანდაცვის მხრივ აქვთ შექმნილი. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ვიღებთ ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევებს, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების და გადაადგილების უფლებები, დისკრიმინაცია, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სხვა, _ აცხადებს უჩა ნანუაშვილი და მიმაჩნია, რომ პრობლემების აღმოსაფხვრელად, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად აუცილებელია:

1. შეწყდეს ადამიანის უფლებების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ამ საკითხების პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირება
2. ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა ითანამშრომლონ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისაკენ, მათ შორის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საავადმყოფოების აღჭურვის გზით
3. რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებმა შეწყვიტონ პაციენტების, მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები
4. რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო ხელისუფლებებმა უზრუნველყონ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების შეუფერხებელი მუშაობა
5. შეწყდეს პოლიტიკური წინაპირობები და აღდგეს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალის რაიონში
6. საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოები მეტად ჩაერთონ არაღიარებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლაში, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის დათანხმების გზით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მონიტორინგის განსახორციელებლად და შესაბამისი დასკვნების მოსამზადებლად. საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ ამ ინიციატივაში.
7. საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს მაქსიმალური მოქნილობა მოლაპარაკებების პროცესში, რათა შესაძლებელი გახდეს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.