საჯარო უწყებებისთვის ავტომანქანების შეძენის სტანდარტები რამდენიმე დღეში დაწესდება

0

pradoპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობდა თანამდებობის პირების მიერ ავტომაქანების შეძენის არავითარი სტანდარტები, მისი მთავრობის წევრებმა არ იცოდნენ, როგორი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელათ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“რაც შეეხება ავტომანქანების ხარჯებს, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო ის მანკიერი ტრადიცია, რომელიც დამკვიდრებული იყო წინა ხელისუფლების მიერ და გრძელდებოდა წლების განმავლობაში. წინა ხელისუფლების დროს არავითარი სტანდარტები არ არსებობდა. მათ ყველანაირი სტანდარტი მოშალეს და ხდებოდა ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, არამედ დაბალი რგოლის თანამშრომლებისთვის.პირველი, რაც მე გავაკეთე ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის დროს იყო ის, რომ, მე ფინანსთა სამინისტროს გასაყიდად გადავეცი ძვირადღირებული და ხარჯიანი მანქანები.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობის კანცელარიამ, რომელიც მუშაობდა ამ საკითხებზე, დაამუშავა და პრაქტიკულად მზად არის საზოგადოებისთვის წარსადგენად ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ საჯარო მოხელეებმა.
იქ იქნება ზუსტი დეფინიცია, თუ რომელი თანამდებობის პირმა როგორი ავტომობილით უნდა ისარგებლოს. შედეგად, აღარ აღმოჩნდება კონკრეტული მინისტრი თუ სხვა თანამდებობის პირი უხერხულ მდგომარეობაში”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე  განცხადებით, მას უნდა, მოსახლეობამ სწორად გაიგოს, რატომ ხდებოდა ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა ამა თუ იმ თანამდებობის პირის მხრიდან.
“ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელათ. მათ ალბათ არ გაუწიეს ანგარიში, უბრალოდ არ დაფიქრდნენ ალბათ და შეიძინეს ის მანქანები, რასაც იძენდნენ წლების განმავლობაში. მათ ეს მიაჩნდათ ნორმად.
ახალი სტანდარტები რამდენიმე დღეში გვექნება, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს და ყველა იქნება ვალდებული დაემორჩილოს მას. ვისაც ეკუთვნის ახალი სტანდარტების მიხედვით ძვირადღირებული მანქანები, ისინი შეიძენენ. რაც შეეხება კომპიუტერს და ტელეფონს, უკაცრავად მაგრამ, კომპიუტერის შესყიდვა მემგონი ნორმალურია”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.