სენაკის რაიონის სოფელ კოტიანეთის მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა

0

postერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო სენაკი-მარტვილის ცენტრალური ავტომაგისტრალია. გზა სენაკის რაიონის სოფელ ზემო კოტიანეთის ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაკეტა. სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაუცემლობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ სწორედ ამ ბარათების გაცემა მათ სოფელში შერჩევით მოხდა.

“სასოფლო-სამეურნეო ბარათები არ მიუღია სოფლის მოსახლეობის ოთხმოც პროცენტს. ზემო კოტიანეთში ამ ბარათების გაცემა მოხდა შერჩევით. ამიტომაც დღეს მოვაწყვეთ გამაფრთხილებელი აქცია, რომლითაც ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი გზას გადავკეტავთ და საერთოდ არ გავხსნით.”-აცხადებს სოფელ ზემო კოტიანეთის მოსახლეობა.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შეხლა-შემოხლა მოხდა აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის, რომლებსაც მოძრაობის საშუალება არ მისცეს. მდგომარეობა მხოლოდ მაშინ განიმუხტა, როდესაც აქციის  მონაწილეებთან გამგეობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. სენაკის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელის გია ხარგელიას განცხადებით ის ბარათები, რომელიც გამგეობამ სამინისტროსგან მიიღო ყველა დარიგებულია, თუმცა სოფლის მოსახლეობის პრობლემებს გამგეობა მაინც განიხილავს.

ზემო კოტიანეთის მოსახლეობამ გზა იმ იმედით გახსნა, რომ უახლოეს მომავალში მათი პრობლემები გადაიჭრება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ადგილობრივები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

სხვა ახალი ამბები: