სენაკის საკრებულოში მდგომარეობა იძაბება, სხდომა 14.00 საათამდე გადაიდო

0

senakiსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ნახევარ საათში ისევ განახლდა, სადაც სავარაუდოდ საკრებულოს თავმჯდომარეს მურად შამათავას იმპჩმენტი უნდა გამოუცხადონ. საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხაბურზანია ისევ წინააღმდეგია სხდომა ღიად ჩატარდეს და მას არასამთავრობოები და ჟურნალისტები დაესწრნონ. მიუხედავად ამისა არასამთავრობოები და დამსწრე საზოგადოება საკრებულოს სხდომათა დარბაზს არ ტოვებს. ზურაბ ხაბურზანია არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს პოლიციის დახმარებით სხდომათა დარბაზიდან გაძევებით ემუქრება. რამდენიმე წუთის წინ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოს სხდომა დღის 14.00 საათამდე თავისი ინიციატივით გადადო.

“ზურაბ ხაბურზანიამ დაარღვია კანონი და პროცესუალური ნორმები და საკრებულოს წევრების უკითხავად სხდომა 14 საათამდე გადადო. მისი მიზანია სხდომა დაიხუროს და მერე აკეთოს ის, რაც სენაკში ნაციონალებმა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმეს. კანონიერი ქურდის ცანციკო ბარკალაიას ცოლის ძმა იბრძვის იმისთვის, რომ დღეს იმპიჩმენტი გამოაცხადოს და თავად მოჯდეს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. არაფრით არ დავთმობთ, არ დავუშვებთ სენაკში “ნაციონალების” დაბრუნებას. ვრჩებით ადგილზე და შევებრძოლებით ამ უკანონობას ან შევეწირებით ამას”-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა კავშირის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ინგა ქარდავა.

ამ წუთისთვის სენაკის საკრებულოში ისევ ხმაურია. მოქალაქეები, არასამთავრობოები და ჟურნალისტები არ ტოვებენ სხდომათა დარბაზს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხაბურზანიამ დღევანდელი სხდომა საგანგებოდ გამოაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტს აპროტესტებენ და ასევე იმას, რომ საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომისთვის ისეთი დეპუტატები ჩამოიყვანეს, რომლებიც ერთ წელზე მეტია სხდომას არ დასწრებიან.

“საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საგანგებოდა გამოაცხადა, რისთვის? ომია სენაკში თუ რა ხდება? სენაკში სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ისეთი დეპუტატები ჩამოიყვანეს, რომლებიც წელიწადზე მეტია სხდომას არც დასწრებიან. ერთ-ერთი მათგანია გია ადამია, რომელიც თბილისშია და სენაკში არც ჩამოდის. აქვს საკუთარი ბიზნესი და მას მწყემსავს. აი დღეს კი სხდომას ესწრება”-აცხადებს ინგა ქარდავა.

სხვა ახალი ამბები: