სკანდალური ინტერვიუ: ვინ გასცა განკარგულება ზუგდიდის სატელევიზიო ანძის აფეთქებაზე?

0

qanZaგუშინ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ზუგდიდში ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე განსაკუთრებით ქეთევან ჯობავა აქტიურობდა. მან იმ რესტორნის კარები ჩაკეტა, სადაც პირველი ლედი სანდრა რულოვსი სადილობდა. ქეთინო ჯობავა პრეზიდენტთან შეხვედრას და მასთან დიალოგს ითხოვდა. ქეთინო ჯობავა ქვეყნის პრეზიდენტსა და მის ზუგდიდელ სატელიტებს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ბევრ ფაქტზე ადანაშაულებდა.

-ქალბატონო ქეთინო, კონკრეტულად რაში ადანაშაულებდით ქვეყნის პრეზიდენტს და რას ითხოვდით მისგან?

-პრეზიდენტი სააკაშვილი მე გამაცნო ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ და მასთან დაახლოებულმა პირმა მარიკა ვერულაშვილმა. მე რამდენიმე წლის განმავლობაში ვითვლებოდი პრეზიდენტის აქტიურ მხარდამჭერად. ის ჩემთან იყო ძალიან ახლოს. მირეკავდა და როცა თბილისში ვცხოვრობდი დროებით ის პირად დაცვასთან ერთად ჩემთან მანქანას აგზავნიდა და ქვქონდა პირადი აუდიენციები სხვადასხვა საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ყოფილი მაზლი გრიშა ქობალია, რომელიც ამავე დროს პრეზიდენტთან დაახლოებული პირი იყო არ მოსწონდა, რომ მასთან ვიყავი ახლო ურთიერთობაში.  ამან განაპირობა, რომ გრიშამ ოჯახთან ერთად იმუშავეს ჭორებზე ჩემს წინააღმდეგ. საბოლოოდ მიშა დაარწმუნა ჩემმა მაზლმა იმაში, რომ მე ვიყავი მოღალატე და აუცილებელი იყო ჩემი მოშორება. მათ მიაღწიეს მიზანს ერთობლივად და მე მართლაც აღმოვჩნდი ციხეში. ვიყავი გრიშა ქობალიას და მიშა სააკაშვილის პირადი პატიმარი. ის საქმე, რომელიც მე მომაკერეს, სინამდვილეში სხვამ ჩაიდინა, რომელიც დღეს მუშაობს თავისუფლად და ხელფასსაც იღებს 600 ლარს. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდოდა პრეზიდენტს ჩემთვის თვალებში ჩაეხედა.

-თქვენ პირად საუბრებში აღნიშნეთ, რომ თავად ყოფილი პარლამენტარი აწგარდაცვლილი გრიშა ქობალია ბევრ დანაშაულში თავად იყო ეჭვმიტანილი. კონკრეტულად რას გულისხმობთ?

-პირველ რიგში იმას, რომ გრიშა ქობალიამ თავის შვილობილს ალიოშა ქობალიას სატელევიზიო ანძა ააფეთქებინა. ამის მიზანი კი ერთი რამ იყო. მისი ტელევიზიის ანძა ყოფილიყო მოქმედი. ეს გრიშა ქობალიას ბიზნესინტერესებში შედიოდა. ის საკუთარი ბიზნესის ასაყვავებლად ასეთ რამეებზე მიდიოდა.

-ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა ქალბატონო ქეთინო.

-ეს ფაქტია. გარდა ამისა ისევ და ისევ გრიშა ქობალიას უშუალო ბრძანებით არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული კავკასიის სახლის” დამფუძნებელს მამუკა ნიშნიანიძეს გახნილი ხელყუმბარა ჩაუდეს ჯიბეში. წამებში თავად ნიშნიანიძემ მოასწრო ხელყუმბარის გადაგდება, რის შედეგადაც არავინ არ დაშავებულა, თუმცა ხელყუმბარა სადაც აფეთქდა ის შენობა დაზიანდა.

-რამე პირადი ინტერესები ჰქონდათ ბატონ მამუკას მიმართ თუ?

-მხოლოდ ერთი, იმ ორგანიზაციაში მე ვიყავი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ჩემი ორგანიზაციიდან გაგდება სთხოვა, რაც ნიშნიანიძემ არ შეასრულა. ქობალიების დაშინების ერთ-ერთი მეთოდი იყო იარაღით და ხელყუმბარებით მუქარა.

-გრიშა ქობალიას შვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?

-ძალიან ცუდი ურთიერთობა მქონდა მასთანაც და მთლიანად მის ოჯახთან, რადგანაც მთელი ჩემი უბედურების დასაბამი ეს ოჯახია. მე კიდევ ბევრი რამ ვიცი ამ ოჯახზე და მათ გაუხმაურებელ ფაქტებზე, რომელზედაც მალე ავლაპარაკდები.

-გუშინ ხმაურიანად გააპროტესტეთ პრეზიდენტისა და პირველი ლედის ვიზიტი. პოლიციაც ადგილზე იყო მობილიზებული.

-გავაპროტესტეთ და სულ ასე ვიზამთ. პრეზიდენტი თავად არის დასაჭერი. რაც შეეხება დღევანდელ პოლიციას, გუშინ ვიგრძენი, რომ პოლიცია სულ სხვანაირია, ვიდრე ეს იყო მთელი 9 წლის მანძილზე. პოლიცია 9 წელი სასტიკი და დაუნდობელი იყო. დღევანდელ პოლიციის თანამშრომლებს კი პირიქით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კარგად მოქცევისთვის. ისინი წესრიგს იცავდნენ, რაც მათი მოვალეობაა და ზედმეტად არ მოქცეულან. ეს ყველაფერი კი ჩვენი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ლევან შონიას დიდი დამსახურებაა. ქვეყნის და რეგიონის პოლიცია დღეს მართლაც ფორმაშია.

სხვა ახალი ამბები: