სოსო რობაქიძის განცხადებით, მას ირაკლი ფირცხალავამ პირადად უთხრა, რომ ბიჭებს დაკავების მომენტში იარაღი არ ჰქონდათ

0
news_26535ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, მას ირაკლი ფირცხალავამ პირადად უთხრა, რომ ბიჭებს დაკავების მომენტში იარაღი არ ჰქონდათ.
ამის შესახებ სოსო რობაქიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
„ირაკლი ფირცხალავა არის სასოწარკვეთილი კაცი, რომელმაც საკუთარ შვილს აჩვენა, რომ ბუტა რობაქიძე მოკლეს ტყუილად. ფირცხალავა ჩემთან ოჯახში იყო მოსული, არც მინდოდა მისი გაცნობა, მაგრამ მოვიდა თავის მართლებით და მითხრა, რომ იქ ბიჭებს არავითარი იარაღი არ ჰქონიათ და უნდა მოგვეკითხა პატრულისთვის, თუ საიდან მოხვდა იარაღი შემთხვევის ადგილზე. ბრძოლა მიდის პატრულსა და კრიმინალურ პოლიციას შორის. მე ძალიან მაინტერესებს, ეს კადრები რატომ 9 წლის უკან არ გამოიტანეს? დონაძე სასამართლოს წინაშე წარსდგა და თუ ეს კადრები ჰქონდათ, რატომ არ მოიშველიეს სასამართლოზე? ეს ყველაფერი შეთითხნილია. კიდევ ვიმეორებ, აჩვენონ კადრები თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება გასროლას, ბაშალეიშვილმა დამიზნებით ესროლა და მომიკლა შვილი და ეს თავადაც აღიარა”, – განაცხადა რობაქიძემ და დასძინა, რომ დღეს გავრცელებული კადრების გავრცელებით, ფირცხალავა და დონაძე თავად ჩაცვივდნენ ჭაობში.
„დღეს საოცრება ვნახე, ბავშვი სუნთქავდა და არ უშველეს. თუ ასეა და მეტი სამართალი არ არსებობს, მაშინ სისხლი სისხლის წილ იქნება. უკან არაფერზე დავიხევ და ყველა აგებს ამაზე პასუხს, მაშინდელი მთავრობაც და დღევანდელიც”,- განაცხადა რობაქიძემ.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა და რობაქიძის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის გარდაცვალების ღამეს გადაღებული ახალი ვიდეო-მასალა გაავრცელა.

სხვა ახალი ამბები: