სოფელ ოდიშის გამგებელი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს სოფელში არ ახარებს

0

cnobaზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში მცხოვრები ბერულავების ოჯახი სოციალურ დახმარებას მხოლოდ იმ მიზეზით ვერ იღებს, რომ ამავე სოფლის გამგებელს ტარიელ ბულიას კონკრეტული ოჯახის წინააღმდეგ პირადი ინტერესები ამოძრავებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან ბერულავები თავად ყვებიან.

ოჯახის დიასახლისი ეთერ ბერულავა ამბობს, რომ მის შვილს, 36 წლის გია ბერულავას თავის ტრამვის გამო ეპისინდრომი განუვითარდა, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. ოჯახს სამკურნალო თანხები არ გააჩნია, რადგანაც ისინი სოფელში სოციალურად დაუცველ ფენად ითვლებიან. გამომდინარე აქიდან მათ რაიონის სოციალურ სააგენტოს მიმართეს.

“მიუხედავად იმისა, რომ არაფრის საშუალება არ გვაქვს, ჩვენი ოჯახის სოციალური მდგომარეობა მაინც მაღალი ქულებით შეფასდა. მივაკითხეთ სოციალურ სააგენტოს ისევ სადაც განგვიცხადეს, ჩვენი ოჯახის სახელზე ავტომანქანა ფიქსირდება, რაც ძირითადი მიზეზია მაღალი ქულებისა. სააგენტოს ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ მისთვის მიგვეტანა ცნობა იმის შესახებ, რომ მანქანა ჩვენს ოჯახს სინამდვილეში არ აქვს, თუმცა უშედეგოდ. სოფლის გამგებელმა მსგავსი ცნობის გაცემაზე მტკიცე უარი განგვიცხადა”-აცხადებს ეთერ ბერულავა.

ოჯახის წევრების განცხადებით, სოფლის გამგებლის მხრიდან ცნობის გაცემაზე უარის თქმა მისი პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად განისაზღვრა. როგორც შევიტყვეთ ტარიელ ბულია “ნაციონალური მოძრაობის” წევრია და სოფელში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს არ ახარებს.

“როცა ჩემი მეუღლე მივიდა გამგებელთან ცნობის სათხოვნელად, მას უთქვამს, მე თქვენ ცნობას არ მოგცემთ, რადგანაც ბიძინა ივანიშვილთან ოდიშში სტუმრობის დროს სურათებს იღებდიო. ჩემი მეუღლე პატიოსანი ადამიანია, რამდენიმე წელი სოფლის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. სიტყვაც არ შეუბრუნებია და ისე წამოვიდა უკან”-ამბობს ეთერ ბერულავა.

ამის შემდეგ ოჯახის წევრებმა ხელმეორედ სცადეს სოფლის გამგეობაში მისვლა და საჭირო ცნობის აღება, თუმცა გამგებელმა არც ამჯერად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

“როცა მივედით გამგეობაში სპეციალისტი ცნობას გვიწერდა. ამ დროს გამგებელი შემოვარდა ოთახში და სპეციალისტს უთხრა, ბეჭედი არ დაურტყა, არ არის ეს ოჯახი ამის ღირსიო. მერე მოგვიბრუნდა და გვითხრა, წადით ახლა და ბიძინა ივანიშვილმა მოგცეთ ფულიო. რა უნდა გვექნა, ავდექით და იქიდან ისევ ხელმოცარულები გამოვედით.”-აცხადებს ეთერ ბერულავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სოფელ ოდიშის გამგებელს ტარიელ ბულიას დაუკავშირდა, რომელმაც ბერულავების მიერ მოყოლილ ამბებს მოგონილი უწოდა. აქვე თავიც იმართლა, რომ მას როგორც რწმუნებულს სოფლიდან რაიმე ცნობის გაცემის უფლება სასტიკად ეკრძალებოდა. მან თავისი დანაშაული ზუგდიდის სოციალური სააგენტოს უფროსთან ბესარიონ თოდუასთან გადაამისამართა. ტარიელ ბულიამ განაცხადა, რომ მიზეზი მხოლოდ ბესარიონ თოდუაა, რომელსაც არ აქვს სურვილი აღნიშნულ ოჯახზე სოციალური დახმარება და პოლისები გაიცეს.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად ბესარიონ თოდუა, რომელსაც smo.ge დაუკავშირდა. მისი განცხადებით ბერულავების ოჯახსა და სოფლის გამგებელს შორის აშკარად მტრული დამოკიდებულებები იკვეთება, რომელიც ადვილად მისახვედრია. ბესარიონ თოდუას განმარტებით სოფლის გამგებელს აქვს იურიდიული უფლება იმისა, რომ საჭირო ცნობა ოჯახის სახელზე გასცეს, რადგანაც მსგავსი შემთხვევების დროს სხვა სოფლის გამგებლები სწორედ ასე მოქცეულან.

ცნობისათვის, სოფელ ოდიშის გამგებელი ტარიელ ბულია სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გიორგი ბულიას მამაა, რომელიც შსს-მ რამდენიმე დღის წინ გაუპატიურებისა და წამების ფაქტებზე დააკავა. გიორგი ბულია დაკავებულ ცხრა  ყოფილ სამართალდამცავს შორის ერთ-ერთია.

სხვა ახალი ამბები: