სოფელ ხორგაში სასმელი წყალი დაბინძურებულია, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

0

dabinzurebuli wyaliiხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფლებს სასმელად დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში განუცხადეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ისინი სასმელ წყალს სოფლის ჭაბურღილიდან იღებენ, მათთვის რამდენიმე დღის წინ შესამჩნევი გახდა, რომ ონკანებიდან გაურკვეველი შემცველობის წყალი წამოვიდა. წყალს მოყავისფრო შეფერილობა ჰქონდა, რომელიც ადგილზე თუჯის მილების დაზიანებით იყო გამოწვეული. მოსახლეობამ ადგილობრივ “წყალკანალს” მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

“აქ ფულის აკრეფვა კარგად იციან და პრობლემებზე არავინ არაფერს ამბობს. კვირაზე მეტია სოფელში წყალია დაბინძურებული და იხტიბარს არავინ არ იტეხს. სოფელში ერთი ქალი დადის და ი კრიბავს წლის ფულს. ხან 2 ლარს გვახდევინებს და ხანაც ოცდაათს, მაგრამ ვინაა გამკითხავი. ამ ერთი კვირის მანძილზე კი თვალით არ გვინახავს სოფელში მოსული. მერე კი მოგვაკითხავს წყლის ფულზე. რისი ფული გადავუხადოთ, დაბინძურებული წყლის?”-აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ პირველ ხორგაში სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაციას ვერ ან არ ფლობენ ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურში. მათი განმარტებით წყალი აღნიშნულ სოფელში დაბინძურებული არ არის და იქვე დასძენენ, რომ ისინი პერმანენტულად აკონტროლებენ სასმელი წყლის ხარისხს. სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა და ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ცნობისათვის, პარალელურად ხობის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მილების შეცვლა მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ხობში გერმანული კომპანია “ფაიფერი” ახორციელებს. თუ როდის დასრულდება აღნიშნული პროექტის მთლიანად განხორციელება ჯერჯერობით უცნობია.