სოფლის გამგებლები მათზე გავრცელებულ ინფორმაციებს ჭორებს უწოდებენ

0
1357834904_zugdidis_municipalitetiზუგდიდის მუნიციპალიტეტის არცერთი სოფლის გამგებელი მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. smo.ge-ს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად განცხადება გადადგომის შესახებ მხოლოდ სოფელ კორცხელის გამგებელმა დაწერა, თუმცა როგორც გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ განაცხადა ჯერჯერობით ეს ერთი განცხადებაც არ დაუკმაყოფილებია გამგეობას.

უფრო და უფრო აქტუალური ხდება სოფლის გამგებლების გათავისუფლების საკითხი სოციალურ ქსელ facebook-ში. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ყველა გამგებელს განცხადებები უკვე დააწერინეს, თუმცა  განცხადებებზე ჯერჯერობით თარიღი არ არის მინიშნებული. მაია ღურწკაიას განმარტებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში მსგავსი სახის განცხადებები არ მოიპოვება. “ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ზუგდიდის გამგეობიდან. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ მობრძანდნენ და გადახედონ კიდევ ერთხელ არსებობს თუ არა მსგავსი სახის განცხადებები გამგეობაში. ეს არის მართული პროცესი, რომელსაც სამწუხაროდ მართავს ერთი ადამიანი და მიზანი არის ჭორების გავრცელება. მათდა სამწუხაროდ ეს ჭორები არ დასტურდება.”-აცხადებს მაია ღურწკაია.

სოციალურ ქსელ facebook-ში ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფლის გამგებლებს ადგილობრივი სამართალდამცავები და გამგეობის წარმომადგენლები აშინებენ. ასეთი სახის ინფორმაციას საჯაროს ხდის სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ანი წითლიძე: “რწმუნებულებს უკვე დიდი ხანია განცხადება დააწერინეთ გათავისუფლებაზე და რიცხვი არ გისვიათ მხოლოდ. ვის ატყუებთ ამაზე? და ამაში ჩართულები არიან ძალოვნებიც სხვათაშორის გამგეობასთან ერთად. მაგალითად ანაკლიის რწმუნებულს შეუთვალეს თუ არ გადადგები დაგიჭერთო.”-წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.

გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს თავად ანაკლიის გამგებელი დავით ცხადაია. “რას მეუბნებით, ვინ მემუქრება? საიდან მოგაქვთ ასეთი ცრუ ინფორმაციები? არც არავინ მემუქრება და არც განცხადების დაწერა მოუთხოვია ჩემთვის არავის. ეს ყველაფერი მოგონილი ჭორია მერწმუნეთ. მე ვარ ანაკლიის გამგებელი და მშვიდად ვასრულებ ჩემი მოვალეობის შესრულებას”-განაცხადა smo.ge-სთან საუბარში დავით ცხადაიამ.

სხვა ახალი ამბები: