სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის ბიოგრაფიული მონაცემები დაიდო

0

67303_490864940973456_874662131_n„ქართული ოცნების“ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები დაიდო, რომელიც მის სწავლა–განათლებას და სამსახურეობრივ გამოცდილებას ეხება.

„თეა წულუკიანმა 1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი.

1992 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და წარმატებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი 1997 წელს; პარალელურად სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს.

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.

1998 წელს, წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ენა), რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს. ენა-ში სწავლის პერიოდში, იგი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე.

2000 წელს თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (მჵა).

2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა: საქართველოს და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა.

2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი.

2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, 2009 წლიდან – მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე.

2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა.

2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა თავისუფალ დემოკრატებს, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ის ამავე დროს პარტიის სტრუქტურებში ქალთა უფლებების თემას კურირებდა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, თეა წულუკიანი კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

2012 წლის 25 ოქტომბერს თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა“,– ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

სხვა ახალი ამბები: