“სუს”-ის თანამშრომელთა ჩუმი თვალთვალი სენაკში ძველი მეთოდებით გრძელდება

0

tvaltvaliარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა კავშირი-ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ინგა ქარდავას მიერ დღეს დანიშნულ ბრიფინგზე სამეგრელოში აკრედიტირებული მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც ქარდავა აცხადებს, ამის მიზეზი მათი დაბლოკვა გახდა.

“მედიასაშუალებებიდან ბრიფინგზე მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები მოვიდნენ. ამის მიზეზი ისევ და ისევ მათი დაბლოკვა გახდა თანამდებობის პირთა მიერ. როგორც ვამბობდი, ახლაც ისეთივე მეთოდებით მოქმედებენ ძალოვანები და განსაკუთრებით კი “სუს”-ის თანამშრომლები, როგორც მთელი 9 წლის მანძილზე”-აცხადებს ინგა ქარდავა.

ინგა ქარდავამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან განაცხადა, რომ ბრიფინგის ჩატარების შემდეგ მას უკან გაჰყვა ვერცხლისფერი ფოლცვაგენი. ქარდავას განცხადებით ის მეგობართან ერთად მიდიოდა და სენაკის საკათედრო ტაძართან შეჩერდნენ. ავტომანქანა კი იქვე იდგა.

“მე და ჩემი მეგობარი სენაკის საკათედრო ტაძართან შევჩერდით. უცებ ჩვენს უკან ვერცხლისფერი ფოლცვაგენიც გაჩერდა. ჩემმა მეგობარმა უცნაურად მკითხა, ინგა უშიშროების ხალხი შენ ახლაც დაგსდევსო? მე ვუპასუხე, რატომთქო. მეგობარმა მითხრა, რომ იმ მანქანას, რომელიც მე მომყვებოდა, “სუს”-ის სენაკის რაიონული სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი კახა კუპრეიშვილი მართავდა. ეს ის კუპრეიშვილია, რომელიც სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომელი იყო და თავისთავად “სუს”-ში ხვიჩა ჯიშკარიანის კადრია. როგორც კი გავარკვიე, რომ ეს ნამდვილად ის კუპრეიშვილი იყო გავემართე პირდაპირ მისი მანქანისკენ. კუპრეიშვილმა მანქანის დაქოქვა დაიწყო თუმცა შევაჩერე და პირდაპირ ვუთხარი, რატომ დამსდევ მთელი დღე, რა გინდათქო. მან მიპასუხა არა არ დაგსდევო, თუმცა სახე გაებადრა და ბევრი პასუხი არც გაუცია. ეს იყო იგივე შემთხვევა, რომელიც სულ ხორციელდებოდა “ნაციონალების” რეჟიმის დროს. იგივე მეორდება დღესაც და დღევანდელი დღე არ იყო პირველი შემთხვევა. ამას კი დღემდე ახორციელებენ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის მიერ სამაგრელოში დანიშნული და ჯერ კიდევ შემორჩენილი კადრები.”-აცხადებს ინგა ქარდავა

არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ინგა ქარდავა მიმართავს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირებას სთხოვს. ქარდავა ასევე სთხოვს სასწრაფო რეაგირებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პირადად მას სთხოვს მისი პირადი უსაფრთხოების დაცვას.

სხვა ახალი ამბები: