“ტელევიზიით გავიგე, რომ პრემიერთან შეხვედრა, თურმე ჩვენ ჩავშალეთ”

0
41aeac009cf8cffa6482769c58955e5cსაქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დღეს არანაირი შეხვედრა „დათქმული” არ ყოფილა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ დღეს დილით ტელევიზიით გაიგო.
„დღეს დილით ტელევიზიით გავიგე, რომ თურმე შეხვედრა ჩაიშალა და ის ჩავშალეთ ჩვენ. თავი დავანებოთ იმ უცნაური და აგრესიული გამონათქვამების კორიანტელს, რომელიც დღეს იქნა გამოყენებული. მინდა ვთქვა, რომ არანაირი შეხვედრა დღეს დათქმული არ ყოფილა, მით უმეტეს არც ადგილი და არც საათი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტის განცხადებითვე, ის პრემიერთან შესახვედრად მზადაა, თუმცა, მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებს, ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეს. „ვფიქრობ, უნდა მოვეშვათ არასერიოზულ გაურკვეველ მანევრებს, შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, ოღონდ არა შეხვედრისთვის, არამედ იმისთვის, რომ მოვილაპარაკოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იმედია, საკითხს პრემიერ-მინისტრიც სერიოზულად მიუდგება და სათანადოდ და გულდასმით მოემზადება ასეთი შეხვედრისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პრემიერთან შესახვედრად ორშაბათს დილიდან მზად იქნება. 
„ორშაბათს დილიდან, ვფიქრობთ, მოვნახავთ საშუალებას შევხვდეთ ნებისმიერ ადგილზე და საგნობრივად ვისაუბროთ. ესაა ჩვენი ინიციატივა და ეს უნდა იყოს სერიოზული, საგნობრივი, შინაარსიანი, შედეგის მომტანი შეხვედრა. ამასთან, საქართველოს პრემიერს აქვს პირდაპირი სატელეფონო კავშირი ჩემთან და არ გვჭირდება გაფუჭებული ტელეფონის თამაში, „ფეისბუქი”, ულტიმატუმები და მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი საუბარი. შეგვიძლია წყნარად ავიღოთ ტელეფონის ყურმილი, დავთქვათ, შევხვდეთ, მოვილაპარაკოთ, მით უმეტეს, რომ ვფიქრობ, ყველა საკითხი გადაწყვეტადია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სხვა ახალი ამბები: