ალკოჰოლური სასმელებისა და ტრანსპორტის ფასები გაიზარდა

0

drink-vodkaმიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული თვის ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტულმა ცვლილებამ იქონია.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ტრანსპორტის ფასები 1,8%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები 1.7 პროცენტით გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხოლო და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასების ზრდამ 2.1% შეადგინა.

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს, ოფიციალური მონაცემებით, ამ მიმართულებით, მოცემულ პერიოდში ფასები 1.0%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების 1.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზეც.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 0.3%-ით შემცირდა, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.7%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2.6 პროცენტი). ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ფასები 5.2%-ით გაიზარდა ხილსა და ყურძენზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5% შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: