უმცირესობა შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს

0

197358_428204087270673_232606508_nსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმცირესობამ პარლამენტში დაიბარა. ამ ინიციატივით ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი გამოვიდა.

მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე ღარიბაშვილის მისვლის საკითხი დასვა. მისი თქმით, ოპოზიციას კითხვები 8 თებერვალს თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებზე აქვს.

ოპოზიციის წევრებს აინტერესებთ, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ასევე პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. ბეჟაშვილის თქმით, უმცირესობამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის მისვლა რამდენჯერმე ითხოვა, მაგრამ ეს საკითხი გაჭიანურდა.

“ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართეთ, რათა მან შუამდგომლობა გაგვიწიოს და ამ შეხვედრის ორგანიზება მოხერხდეს”, — აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას თქმით, მინისტრი მზად არის, ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, მაგრამ უცნობია, როდის მოხერხდება მისი მისვლა პარლამენტში.

“ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში მისვლისთვის თავი არ აურიდებია და პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. მინისტრი და უმრავლესობა მზად არიან, უმცირესობის კითხვებს უპასუხონ. მთავარია დროზე შეთანხმება, აქ თავის არიდებასთან არ გვაქვს საქმე”, — აღნიშნა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ დეპუტატებთან შეხვედრა რამდენჯერმე ტექნიკურიად იყო შეუძლებელი.

სხვა ახალი ამბები: