უნგრეთის პრემიერმა ზურაბ ადეიშვილი შეიფარა?!

0

adeishviliბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ადეიშვილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანმა თავშესაფარი მისცა და საკუთარ მრჩევლადაც დანიშნა. ეს ამბავი სარწმუნო მას შემდეგ გახდა, რაც ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანს Chatham House-ს ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ ჰკითხა, რატომ მისცეს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში, პრემიერმა კი მას სიტყვა ბანზე აუგდო.

გავრცელებული ინფორმაციით, შეკითხვის პასუხს ერთი წელია ელოდებიან საქართველოს ხელისუფლებაშიც, რომლის ეკონომიკურ გუნდთან რამდენიმე დღის წინ უნგრეთის სახელმწიფო მინისტრი პიტერ სიიარტო იყო სტუმრად. მას, სავარაუდოდ, არ შეეძლო, ბანზე აეგდო სიტყვა და იმაზე მაინც არ გაეცა პასუხი, რა იურიდიული სტატუსით ცხოვრობს ძებნილი ადეიშვილი უნგრეთში, მით უფრო მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივნის პირით უნგრეთმა საქართველოსთან განსაკუთრებით მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის სურვილი გამოთქვა და ანაკლიის პორტის მშენებლობითაც კი დაინტერესდა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის წითელ ცირკულარში ჩასმის მოთხოვნა უკვე გაგზავნა და მიმდინარეობს მუშაობა. “დეტალებზე, ალბათ, პროკურატურას შეუძლია კონკრეტული ინფორმაცია მოგცეთ”, – განაცხადა წულუკიანმა. პროკურატურა კი ახალს არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ინტერპოლი ადეიშვილის წინააღმდეგ ბრალდებების მტკიცებულებებს ითხოვს და მათი უქონლობა უშლის ხელს ძებნის დაწყებაში. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის, კახა კახიშვილის თქმით, გაუგებარია, რისთვის სჭირდება ინტერპოლს მტკიცებულებები.

“თუკი გამოძიებას აქვს საკმარისი საფუძველი, ადეიშვილს დაუსწრებლად წაუყენოს ბრალი, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდოს პატიმრობა და გამოაცხადოს ძებნა ქვეყნის შიგნით, გაუგებარია, რატომ არ ეძებენ მას საერთაშორისო მასშტაბით, მით უფრო მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის უნგრეთის ტერიტორიაზეა. ასევე გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, რომ ინტერპოლით ძებნა ვერ გრძელდება, რადგან ჯერჯერობით მტკიცებულებები ინტერპოლში გადაგზავნილი არ არის. არადა, ეს ორგანიზაცია ძებნას მტკიცებულებების საფუძველზე არ იწყებს. თუ პირი კონკრეტული მუხლებით არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და გამოცხადებულია ძებნა საქართველოს მასშტაბით, მას მტკიცებულებები არ აინტერესებს.”-აცხადებს გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში კახა კახიშვილი.

სხვა ახალი ამბები: