უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს

0
afxazeti-dabruneba_409ქართულ–აფხაზური დიალოგის თემა იმდენად გადაღეჭილია და იმდენი ხანია ჩიხშია მომწყვდეული, რომ მისი სტაგნაციიდან გამოყვანის ნებისმიერი მცდელობა უაზროდ გვეჩვენება მანამ, სანამ უცვლელია დღევანდელი სტატუს–კვოს განმაპირობებელი ყველა ძირითადი პოლიტიკური ფაქტორი. დიალოგის ნებისმიერ დონეზე დაწყების მცდელობები თითქმის მაშინვე ეჯახება თითქოსდა გადაულახავ წინააღმდეგობებს. მხარეთა პოზიციები და მიდგომები ძირეულად განსხვავდებიან, იმდენად, რომ ზოგჯერ ბრმის ყრუსთან ლაპარაკს გვაგონებენ. ხშირად, საკმაოდ რთულია გაარჩიო, რა უფრო მეტია – სურვილის უქონლობა თუ გაგების უუნარობა? ეს პრობლემა ხაზგასმულია წერილში, რომელიც “ექსპერტთა კლუბმა” ერთი აფხაზისგან, ვინმე დ.ბ.–სგან მიიღო, რომელმაც თავი ჩვენი საიტის 2009 წლიდან მუდმივ მკითხველად წარმოგვიდგინა (წერილში არ იყო თხოვნა მისი სახელისა და გვარის დაფარვის თაობაზე, თუმცა სჯობს გამოვიჩინოთ წინდახედულობა).

ფაქტიურად, ყველა სტატიასთან დაკავშირებით მზად ვარ თქვენს ავტორებს დიდ ხანს ვეკამათო, – წერს დ.ბ. –არადა თქვენი და თქვენი პროექტის მიზანი ხომ შემდეგია: “აცნობიერებს რა ვითარების მთელ სერიოზულობას, “ექსპერტთა კლუბი” მიზნად ისახავს არსებული შესაძლებლობების გამოყენებით თავისი წვლილის შეტანას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში”… მე სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ თქვენი საქმიანობა არანაირად არ უწყობს ხელს ქართულ–აფხაზური ერთიანობის აღდგენას. განსაკუთრებით განსაცვიფრებელია თქვენი მიმართვა (მიწვევა) აფხაზი და ოსი სპეციალისტებისადმი ითანამშრომლონ თქვენთან… სამწუხაროდ, თქვენი პუბლიკაციები ზედმეტად ოდიოზურია, რომ რომელიმე აფხაზი მოღვაწე დაგთანხმდეთ თანამშრომლობაზე“.

როგორც წერილის ავტორი აღნიშნავს, ეს შენიშვნა უნდა გავიგოთ “არა როგორც “აგრესიის” აქტი, არამედ სურვილი”. გვინდა აგრეთვე ავღნიშნოთ ამ წერილის კონსტრუქციული ტონი და მადლობა მოვუხადოთ მას ზრდილობისათვის, რაც საკმაოდ იშვიათია დღესდღეობით. სამწუხაროდ, ამავე დროს უნდა განვაცხადოთ, რომ საკითხის ასე დაყენება იმთავითვე გამორიცხავს თანამშრომლობის საშუალებას. საინტერესოა, ესმის კი დ.ბ.–ს, რომ ზედმეტად ოდიოზური – ეხლა უკვე ჩვენი აზრით – პრაქტიკულად ყოველი აფხაზი მოღვაწის პუბლიკაციაა? ნებისმიერ შემთხვევაში, მას ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამ მოღვაწეებს, ქართული მხრიდან რომ გაიგონონ: ბიჭებო, თქვენ ზედმეტად ოდიოზურნი ხართ, თქვენთან რომ ვითანამშრომლოთ… ამიტომ, ალბათ, არ ღირს ორმაგი სტანდარტების გამოყენება და წინასწარი პირობების დასმა – გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს არ არის დიალოგის დაწყების საუკეთესო საშუალება.

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები აფხაზებისა და ქართველების მიერ სხვადასხვანაირად აღიქმება. ურთიერთდადანაშაულება “ოდიოზურობაში” სავსებით ბუნებრივი ამბავია, რაც გამოწვეული იმ სისხლისმღვრელი კონფლიქტით, რომლის დარეგულირების საქმეში 20 წლის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ იქნა მიღწეული. ჩვენ რომ არ ვმდგარიყავით კარდინალურად განსხვავებულ პოზიციებზე, კონფლიქტიც არ იქნებოდა – განა ასე არ არის? და თუ ასეა, მაშინ დასაწყისისთვის არ იქნება ცუდი ეს ფაქტი გაგვეაზრებინა და აქედან გამომდინარე დაგვეწყო მოძრაობა. ჩვენი აფხაზი მკითხველის პოზიცია ხომ არაფერია, თუ არა “პოზიციების დათმობისკენ” მოწოდება. რეალურად ის მოგვიწოდებს ავანსად გარკვეულ დათმობაზე წავიდეთ, უარი ვთქვათ აფხაზეთის პრობლემის ჩვენეული აღქმის გარკვეულ ნაწილზე მეორე მხარის სასარგებლოდ, გავხდეთ სეპარატისტებისათვის უფრო კომფორტული ოპონენტები. სამაგიეროდ რა? მზაობა გვიპასუხონ იგივეთი? არა, მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნება დიალოგის ჰიპოტეტურ შესაძლებლობაზე. ეს კი აფხაზების ტიპიური მიდგომაა ქართველებთან ურთიერთობაში: ან თქვენ მიიღებთ ჩვენს პოზიციას, შეხედავთ კონფლიქტს აფხაზური თვალით, ან ჩვენ თქვენ არ დაგელაპარაკებით. გვაპატიეთ, მაგრამ ეს ბავშვური გამოხდომებია.

უფრო “მოქნილი” თანამოუსაბრეების ძებნის ნაცვლად აფხაზებს ერჩივნათ დაესვათ კითხვა: რა აზრი აქვს ამას? რას მოგცემს ეს კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით? მათ ხომ კონფლიქტი სწორედ “ოდიოზურ” ადამიანებთან აქვთ, და არა იმათთან, ვინც მზად არის მათ ყველაფერში დაეთანხმოს. როგორც არ უნდა შეხედო, თუ აფხაზური მხარე დაინტერესებულია პრობლემის გადაწყვეტაში, მას მოუწევს ურთიერთობა იმათთან, ვინც ამ პრობლემის მეორე ბოლოში დგას.

ქართველებს და აფხაზებს ურთიერთობების საკმაოდ ფართე ველი აქვთ. არსებობს მრავალი საკითხი – ჰუმანიტარული, სავაჭრო, სოციალური – რომელთა გადაწყვეტაც შეიძლება პოლიტიკური ასპექტების გვერდის ავლით. ეს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს აფხაზებს, ვიდრე ქართველებს, და ხელს შეუწყობს “კონფლიქტური” საკითხების გადაწყვეტასთან დაახლოებას დროთა განმავლობაში. უფრო მეტიც, ასეთი თანამშრომლობა არ იქნება ახალი ეტაპი – ეს უკვე იყო და განსაკუთრებით აქტიურად ხორციელდებოდა ამ საუკუნის დასაწყისში მანამ, სანამ ერთერთ ორგანიზაციაში, რომლის აბრევიატურა სამი ასოსგან შედგება, გადაწყვიტეს, რომ ქართულ–აფხაზური ურთიერთობების ინტენსივობა “სახიფათო” ზღვარს მიუახლოვდა და ყველა კონტაქტის ჩაშლა დაიწყეს…

მას შემდეგ მთავარ პრობლემას ყველაზე აუცილებელი პირობის, კეთილი ნების არარსებობა წარმოადგენს. როგორია დღეს აფხაზური მხარის დამოკიდებულება ქართულ მხარესთან დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებით? დავესესხებით სოხუმელ ჟურნალისტ ანტონ კრივენიუკს: “სოხუმს არ აინტერესებს დიპლომატიური გამარჯვებები თუ მარცხი, აქ არ განიხილავენ თბილისთან ურთიერთობის სტრატეგიებს და ტაქტიკას, ვერ ხედავენ საქართველოსთან ურთიერთობისაგან ვერანაირ პერსპექტივას და სარგებელს, და უბრალოდ სურთ, რომ მათ დაანებონ თავი… მათ არ იციან, როგორ ითამაშონ, და არ სურთ მონაწილეობა მიიღონ თამაშებში, რომელსაც მათ ქართველები ეთამაშებიან. აქ კი აფხაზური ხელმძღვანელობის სასახელოდ უნდა ითქვას – ისინი პატიოსანნი არიან და არ თვალთმაქცობენ. და კიდევ, რაც არცთუ ნაკლებად მნიშვნელოვანია – იგნორირება, რომელსაც აფხაზები ქართველებს უკეთებენ, ეს საერთო მასობრივი პოზიციაა, რომელიც გააჩნია აფხაზურ საზოგადოებას საქართველოს მიმართ”.

რამდენად გონივრულია ეს პოზიცია? ნამდვილად, რუსული ზურგის უკან დამალულ აფხაზებს სულაც არ უჭირთ ქართველების იგნორირება. ბოლოს და ბოლოს, ეს კომფორტულიცაა – ასეთი პოზიცია არ ითხოვს არანაირ ძალისხმევას, არანაირ აქტიურობას და სრულებით გასაგებია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ ამ მიდგომის ყველა მომხრეს უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიოში არაფერია უცვლელი. პირიქით, დღევანდელი ეპოქა ხასიათდება გეოპოლიტიკური რუკის სწრაფი და მოულოდნელი ცვლილებებით. თუ დღეს შეიძლება იგრძნო თავი უსაფრთხოდ, რა დაზღვევა არსებობს მოულოდნელი ხვალინდელი დღისგან? იქნებ რუსეთს შიდაარეულობები წალეკავს, და რუსულ ჯარს სულაც არ ეცლება აფხაზეთის დასაცავად… იქნებ მოსკოვსა და თბილისს შორის, ანუ სულაც უფრო გლობალურ დონეზე, იქნება მიღწეული შეთანხმება, რომელშიც სოხუმისთვის გარანტიების ადგილი აღარ დარჩება… სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ადრე თუ გვიან დღევანდელი სტატუს–კვო დაიშლება. საჭიროა პერსპექტივაზე ფიქრი. 1992–1993 წლის გამოცდილებიდან ხომ ვიცით, რა მოსდევს გულწრფელი დიალოგის და კომპრომისების არარსებობას…

2012 წელს კომპანია HBO–მ გამოუშვა ეკრანებზე ფილმი “პირდაპირ ეთერში ბაღდადიდან”. ამ ფილმში, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოს ყოველმა რეპორტიორმა, არის ერთი ეპიზოდი, როდესაც CNN–ის პროდიუსერი რობერტ ვინიერი არწმუნებს ერაყის ინფორმაციის მინისტრს ნაჯი ალ–ჰადიტის მოაწყოს ინტერვიუ სადამ ჰუსეინთან. ამერიკელი ჟურნალისტის სიტყვები ზუსტად მიესადაგება იმ სიტუაციას, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიქმნა: “იფიქრეთ იმაზე, თუ რა დევს სასწორზე! დაიხოცება ხალხი, და მე თქვენ ზუსტად გეტყვით, როდის მოხდება ეს! ისინი დაიღუპებიან მაშინ, როცა შეწყდება დიალოგი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, თუნდაც მოგვიწიოს სიბერემდე საუბარი. როგორც კი გავჩუმდებით – დავიღუპებით. შესაძლოა, მე ვერასოდეს გაგიგოთ თქვენ. შესაძლოა, ჩვენ ვერასოდეს გავუგოთ ერთმანეთს. მაგრამ, სანამ დიალოგი გრძელდება, ჩვენ ვცოცხლობთ“.

სხვა ახალი ამბები: