უცხოეთში მცხოვრები ქართველები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ

2

kartvelebiუცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენს სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საკითხებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო დაპირებების არათუ ასრულებს, არამედ თავად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხშირ შემთხვევაში კონსტიტუციასაც. ამას გვაფიქრებინებს პროკურატურის მიერ სტალინის ფავორიტის, ვიშინსკის სტილში გაჩაღებული რიტორიკა და პოლიტიკური ანგარიშწორების სრულიად აშკარა ტენდენცია: პრესასა და ელექტრონულ მედიაში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დამნაშავის ვინაობის ანონსი , რასაც მოსდევს ეჭვმიტანილის დაპატიმრება, შემდგომ კი საგამოძიებო პროცესის წარმოება: მოწმეთა ჩვენებების უკანონოდ მოპოვება, ახალი საქმეების შეთითხვნა და ამ გზით ბრალის დამძიმება.
ამგვარი მსჯელობის საფუძველს გვაძლევს პროკურისა და იუსტიციის მინისტრის ოდიოზური განცხადებები, ძალადობით მიცემული აღიარებითი ჩვენებები და ახალი სისხლის სამართლის საქმეების ხელოვნური შეთითხვნის მცდელობა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ყველა სახის დარღვევით მიმდინარეობს, შერჩევითი სამართლის ნათელი მაგალითია. პროკურატურამ ის უკანონოდ დააკავა. არ გაითვალისწინა მისი სურვილი, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატის თხოვნა გირაოს თაობაზე, ცდილობდა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას და, სავარაუდოდ, მტკიცებულებების არქონის გამო გადადო მისი სასამართლო პროცესი. არაოფიციალური წყაროებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აპირებს, დაამძიმოს ბაჩო ახალაიას ბრალი. ამის თაობაზე განცხადება მისმა მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმაც გააკეთა.
მიგვაჩნია, რომ ბაჩო ახალაია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში და რომლის სახელსაც უკავშირდება სასჯელაღსრულების სისტემაში კორუფციასთან, ე.წ. კანონიერი ქურდების მიერ პენიტენციარული დაწესებულებების ფაქტიური მართვის ტრადიციასთან უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, სამხედრო ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და სამხედრო პერსონალის მომზადების დონის ნატოს სტანდარტებთან წარმატებული მიახლოება (რაც არაერთხელ აღნიშნულა ნატოს სარდლობის ყოველწლიურ მოხსენებებში და თავად ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ბ-ნ რასმუსენის მიერ), – პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ხდება.
კატეგორიულ პროტესტს გამოვთქვამთ ზემოაღნიშნულის გამო და მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივი დევნა, ბ-ნი ახალაია გათავისუფლდეს პატიმრობიდან მის წინააღმდეგ
უტყუარი მტკიცებულებების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით მოპოვებამდე.

სხვა ახალი ამბები: