ფოთელ პოლიგლოტზე შექმნილმა ქართულმა ფილმმა გერმანიაში გაიმარჯვა

0

hqdefaultსაქართველომ გერმანიაში გამართულ კონკურსზე „საერთაშორისო სამოქალაქო მედია“ პირველი ადგილი მოიპოვა. მასზე წარდგენილი ფილმი 70 წლის ფოთის კოლორიტზე, პოლიგლოტ ტული გვასალიაზეა, რომელიც, მძიმე პირობების მიუხედავად, მოსწავლეებს სხვადასხვა ენაში უფასოდ ამეცადინებდა. მერიისგან მხოლოდ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მიღებას ითხოვდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, მაინც ვერ ეღირსა….
კონკურსში 34 ქვეყანა მონაწილეობდა. რეჟისორ ლიუდმილა ყურაშვილის ფილმმა „როგორ ხართ, ბატონო ტული?“ სიღარიბის თემაზე გადაღებული ფილმების ნომინაციაში პირველი საპრიზო ადგილი მიიღო. კონკურსის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ფილმის გმირი ასე დაახასიათა: „სადღაც ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც, მძიმე და დუხჭირი ცხოვრების მიუხედავად, ღირსება მაინც არ დაკარგა“.
იზა სალაყაია, ფოთელი ჟურნალისტი: „მან 48 ენა იცოდა და მოსწავლეებისგან ფულის აღება ეთაკილებოდა. ტულის ეს წოდება აღიარებისა და პატივისცემისთვის სჭირდებოდა. ის იყო ნამდვილი პედაგოგი და დამსახურებული პედაგოგების შვილი. მას ყველა იცნობდა. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. დახმარებას არავის სთხოვდა. ამბობდა, ჩემი არსებობის შესახებ ისედაც ყველამ იცისო“.
ფილმის რეჟისორის ლიუდმილა ყურაშვილის თქმით, მას თავისი ფილმით სურს ქართული საზოგადოება გამოაფხიზლოს, რადგან ქვეყანაში ინტელიგენტი ადამიანის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.

სხვა ახალი ამბები: