ფოთის მერიამ საზღვაო სადგურის დემონტაჟზე უარი განაცხადა

0

azgvao vagzaliფოთის პორტს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საზღვაო სადგურის დემონტაჟისთვის ვადის გაგრძელებაზე ქალაქ ფოთის მერიამ უარი განუცხადა. აღნიშნულის შესახებ სპეციალურ ბრძანებას ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ ხელი უკვე მოაწერა.

ბრძანებაშია მითითებულია, რომ ფოთის პორტის ხელმძღვანელობა ვადის გარძელებას მიმდინარე წლის 31 ივლისამდე ითხოვდა. ირაკლი კაკულია აცხადებს, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება მან საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო მიიღო. მერის განცხადებით საზოგადოებრივმა დარბაზმა და ახალგაზრდულმა საბჭომ პირადად მას ოფიციალური წერილით მიმართა. ისინი მოითხოვდნენ, საზღვაო ვაგზლის დემონტაჟი არ მომხდარიყო. მათ კითხვები ფოთის პორტის გასხვისების კანონიერებასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ. ირაკლი კაკულია მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“საჯარო განხილვის შედეგად მიღებულია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორი გარემოების გამო: თავდაპირველი ნებართვა დემონტაჟის შესახებ გაცემული იყო პროცედურების დარღვევით, ადმინისტრაციული წარმოების დროს ითქვა, რომ ნავსადგური გასხვისდა დანაშაულებრივად, შესაბამისად კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ფოთელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობის დემონტაჟზე ნებართვა”,-აცხადებს ირაკლი კაკულია.