ფოთის საკრებულოს ხუთ დეპუტატს ადმინისტრაციისთვის ნარკოტესტის პასუხები არ ჩაუბარებია

0

Drug-Alcohol-Testingფოთის საკრებულოს 15 დეპუტატიდან ნარკოტესტის პასუხი საკრებულოს ადმინისტრაციას ამ დროისთვის მხოლოდ 10-მა დეპუტატმა ჩააბარა. ხუთ დეპუტატს კი ჯერჯერობით ტესტის პასუხები არ ჩაუბარებია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ფოთის საკრებულოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლია არტუხოვამ განუცხადა.

“ხვალ თორმეტი საათისთვის იმ ხუთი დეპუტატის ნარკოტესტის პასუხებიც გვექნება და აუცილებლად გეტყვით. ესენი არიან ზურაბ ფაჩულია და სევერიანე შენგელაია, რომელთაც გზაში მანქანა გაუფუჭდათ და ტესტის პასუხებიც იქ დარჩათ. დანარჩენი სამი დეპუტატიც, ზურაბ ჩაჩუა, ლევან ჩოჩიაც და მიხეილ გუდავაძეც ხვალ წარმოადგენენ ტესტის პასუხებს”-განაცხადა ლია არტუხოვამ.

smo.ge ზურაბ ფაჩულიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მათ ნამდვილად გაუფუჭდათ მანქანა და იქ დარჩათ ტესტიც, თუმცა აღნიშნა, რომ მას და მის თანამგზავრს სევერიანე შენგელაიას უარყოფითი პასუხები აღმოაჩნდათ.

“ჩვენ წასულები ვიყავით სევერიანე შენგელაიას მანქანით ბათუმში და გზაში აქეთობისას გაგვიფუჭდა. მანქანა შესაკეთებლად დავტოვეთ “თეგეტა მოტორსში” და ტესტის შედეგებიც იქ დაგვრჩა. პასუხებს რაც შეეხება. რათქმაუნდა უარყოფითია და ამ პასუხებს ჩვენ ხვალვე ჩავაბარებთ საკრებულოს ადმინისტრაციას”-აცხადებს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ფაჩულია.

რაც შეეხება დანარჩენ სამ დეპუტატს, ზურაბ ჩაჩუას, ლევან ჩოჩიასა და მიხეილ გუდავაძეს ჯერჯერობით უცნობია თუ რა მიზეზით არ წარმოადგინეს ნაკოტესტის პასუხები. ფოთის საკრებულოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განსაკუთრებულ მიზეზებზე არ საუბრობს, უბრალოდ მათ მოუცლელობას ასახელებს.

P.S: საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ ფოთის საკრებულოს სამივე დეპუტატი დღეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლია არტუხოვასთან საკუთარ ოთახში ხვალინდელ სხდომაზე ფრაქციის შექმნაზე საუბრობდნენ, თუმცა რა მიზეზით არ ჩააბარეს ამავე დროს ნარკოტესტის პასუხები ჯერჯერობით უცნობია.

სხვა ახალი ამბები: