საქართველოს მთავრობის განკარგულებით (განკარგულება #1000, 2015 წლის 18 მაისი), ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტიც არის ჩართული.
კოღოს საწინააღმდეგო სასტარტო პროცედურას ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე და მის მიმდებარედ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია დაესწრნენ.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში , ქალაქ ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად ხდება მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის ასეთი მასშტაბური სამუშაოების რეალიზება.
ქალაქის მასშტაბით , ღია სივრცეები და წყალსატევები შეიწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით დამუშავდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის საფუძველზე სააგენტომ ბიოლოგიური პრეპარატით დაამუშავა წყალსატევები, დაჭაობებული ადგილები, სადაც მასიურად აღინიშნებოდა კოღოს მატლების გავრცელება, მათ შორის, ბათუმში – 16 ჰა, ფოთში – 40 ჰა. საქართველოში პირველად გამოყენებულია ამერიკული წარმოების ბიოინსექტიციდი „ვეკტობაკი“, რომელიც სპეციალურად შექმნილია კოღოს მატლების გასანადგურებლად წყლის ზედაპირზე, ის ეფექტურია 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და აბსოლუტურად უსაფრთხოა თბილსისხლიანებისათვის, თევზებისა და ჭიაყელებისთვის.