ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 16 მილიონ 582 ათასი ლარით განისაზღვრა

0

qalaqis sakrebulooooქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ, რიგით მესამე სხდომაზე ბიუჯეტი დაამტკიცა. არსებული ბიუჯეტი ზუგდიდის ყოფილი მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად მომზადდა. წარმოდგენილ ბიუჯეტს საკრებულოს ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

ქალაქის ბიუჯეტი 16 მილიონ 582 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც საბიუჯეტო წლის დარენილი პერიოდისთვის 7 მილიონ 667 ათასი ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ყოფილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი პროპორციული სისტემით დაიყო და მასში მუხლობრივი ცვლილებები არ შესულა.

ბიუჯეტის განხილვას ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხიაც ესწრებოდა. მან ბიუჯეტთან მიმართებაში თავისი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ის წინა საკრებულოს მიერ დაყოფილი ბიუჯეტით უკმაყოფილოა.

„ტრანსპორტის სამსახური მიაკუთვნეს რაიონს, რაც ძალიან გამიკვირდა. არ ვიცი რა ლოგიკით იხელმძღვანელეს. ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიში“ ასევე მუნიციპალიტეტს მიაკუთვნეს და ქალაქი კულტურის გარეშე დატოვეს. რა თქმა უნდა იქნება სირთულეები, მაგრამ გადავლახავთ და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ყოველთვის შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი გოგოხიამ .

ქალაქის მერის შენიშვნებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ფორსმაჟორულ სიტუაციაში იქნა გაყოფილი და მისი გადახედვა შესაძლებელია.

საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ კახა ფარცვანიამ ბიუჯეტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა დააფიქსირა, მათ შორის სასულიერო სკოლის დაფინანსებასთან მიმართებაში. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული სკოლის დაფინანსების საკითხი უნდა გადაიხედოს.

სხვა ახალი ამბები: