“ქართული ოცნების” აქტივისტი თავდაცვის სამინისტროს ავღანეთში წაყვანას სთხოვს

0

001წალენჯიხის რაიონის მკვიდრი “ქართული ოცნების” აქტივისტი ქეთევან ჭანია, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატიც იყო მზად არის თავდაცვის სამინისტროს მიმართოს და ავღანეთში გაემგზავროს. როგორც წალენჯიხელი ქალბატონი ამბობს ის ამ მდგომარეობამდე ოჯახურმა პირობებმა მიიყვანა. როგორც ქეთევენ ჭანია ამბობს, მას მძიმე სოციალური პირობებში უხდება ცხოვრება და ყველაფერი იმის ფონზე, რომ ჰყავს დალოგინებული დედა.

“ცხრა წლის განმავლობაში ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს, ყველაზე დიდ მონსტრს საქართველოს ისტორიაში. როცა რეჟიმი დამარცხდა გამიჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შემობრუნდებოდა, თუმცა ამაოდ. სამეგრელოს ისევ ნაციონალები მართავენ, სიტუაცია კი უცვლელი რჩება. მე და ჩემს ავადმყოფ დედას უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში გვიხდება ცხოვრება. სამსახური საქართველოში ვერ მიშოვნია, რომ ავადმყოფი დედა ვარჩინო. ამიტომაც მივმართავ თავდაცვის სამინისტროს, რომ ავღანეთში, მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილში მაინც დამასაქმოს. შევასრულებ ყველა სახის სამუშაოს, დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან, კარტოფილის მთლელით დამთავრებული.”-აცხადებს ქეთევან ჭანია.

“ქართული ოცნების” აქტიური წევრი აცხადებს, რომ წალენჯიხაში ვერ გაუძლებს ვერც სიდუხჭირეს და ვერც უსამართლობას. მისი განცხადებით ის ვერ შეეგუება სააკაშვილის რეჟიმის წარმონაქმნებს, რომლებიც დღეს ისევ მართავენ ამ რაიონს.

“ის რაც წალენჯიხაში ხდება, ყოველგვარ ზღვარს და სამართლებრივ ნორმებს სცილდება. ასეთი რამ შეიძლება ითქვას, რომ თვით “ნაციონალების” მმართველობის დროსაც არ ხდებოდა. ერთადერთი გამოსავალია თავი ავარიდო იმას რასაც დღეს ვხედავ წალენჯიხაში და ავღანეთში გამგზავრება ვითხოვო. დღეს ამ ცხელ წერტილში ყოფნა მირჩევნია უსამართლო წალენჯიხაში ყოფნას. ახალი ხელისუფლების ე.წ წარმომადგენლები წალენჯიხაში ხალხის ნებას ფეხქვეშ თელავენ.”-აცხადებს ქეთევან ჭანია.

“ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით თუ თავდაცვის სამინისტრო არ გაუშვებს ავღანეთში, ის მზად არის თავშესაფარი სთხოვოს სხვა ქვეყნის დიპლომატებს მისი სიცოცხლის და ავადმყოფი დედის გადასარჩენად.

სხვა ახალი ამბები: