“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

0

qartuli ocnebis shtabi„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის, კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის, გამგებლობისა და დეპუტატობის კანდიდატებმა დღეს “ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბის ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. კანდიდატებმა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვის ტექსტი გაავრცელეს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ.

“მოგმართავთ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს, ჩვენი რეგიონის მცხოვრებთ! ეს უკანასკნელი დღეები საგრძნობლად დაიძაბა პოლიტიკური გარემო ზუგდიდში. კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმის გახსნამ, გამოიწვია სრულიად ბუნებრივი ემოციური პროტესტი როგორც ოჯახის ახლობლებში, ისე მოსახლეობაში.

ამ ემოციურ ფონზე მოხდა რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი და დეპუტატობის კანდიდატები ცალსახად უარყოფითად აფასებენ. უცნაურია,მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის მცდელობა, ეს ტრაგიკული ფაქტიც გამოყენებულ იქნას წინასაარჩევნო პოლიტიკური ავანტიურების ინსტრუმენტად. “ქართული ოცნება” პატივს სცემს გარდაცვლილი ოფიცრის ხსოვნას, მისი ახლობლების მდგომარეობას და არ აპირებს აყოლას ამ უმსგავსოებაში. საქმეზე მალე დადგება სასამართლო განაჩენი და ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება.

დღეს ყველა,მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებისა და კარდაკარის 2 პროექტის მიხედვით დასტურდება „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მიმდინარე არჩევნებში ყველა დონეზე. ბუნებრივია ეს აშფოთებს ჩვენს ოპონენტებს და ისინი სრულიად მიუღებელი ფორმით გადადიან ბრალდებებზე, ლანძღვაზე, პროვოკაციებზე. არჩევნების დღე, 15 ივნისი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და დაასრულებს ამ უმსგავსობას! ამიტომაც მოგიწოდებთ ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივისტებს, ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებს, ემოციური დაძაბულობის გარეშე გავიაროთ არჩევნებამდე დარჩენილი დღეები, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი უარყოფითი ემოციების გამოვლენისგან,არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებს და მშვიდად განვაგრძოთ წინასაარჩევნო აქტივობა.

15 ივნისს ყველამ ერთად დავანახოთ, თუ ვის უჭერს მხარს ხალხი,”-ნათქვამია “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ საგანგებო მიმართვის ტექსტში.

სხვა ახალი ამბები: