ღია წერილი ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსს

0

ceriliსაზოგადოება “ზუგდიდელის” თანათავმჯდომარე და ზუგდიდის საპატრულო პოლიციიდამ უკანონოდ დათხოვნილი ირაკლი ცაავას მამა რევაზ ცაავა ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსს შალვა შენგელიას ღია წერილით მიმართავს და მისგან ახსნას ითხოვს, თუ რა მოტივით შეიყვანა ირაკლი ცაავა შალვა შენგელიამ ე.წ “შავ სიაში”. რევაზ ცაავას წერილს, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს გადასცა უკომენტაროდ გთავაზობთ.

ბატონო შალვა,

თქვენ სრულიად უსაფუძვლოდ ე.წ “შავ სიაში” შეიყვანეთ ჩემი შვილი, წარუდგინეთ იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შემდეგაც იძულებით დააწერინეთ განცხადება და გაატავისუფლეთ სამსახურიდან. მე ვიყავი თქვენთან და ფაქტობრივად აბუჩად ამიგდეთ, ფეხებზე დამიკიდეთ და არცკი მითხარით რის გამო აიძულებდით მას განცხადების წერას. მიმანიშნეთ, რომ ეს თქვენი მიზეზით არ ხდებოდა, ზემდგომებიდან გქონდათ მითითება. ჩემთვის კი ცხადზე ცხადია, რომ ეს ე. წ “შავი სიები” თქვენ შეადგინეთ და ისიც ვიცი, რომ სწორედ ამ სიაში ჩემი შვილი თქვენი მეგობრის, შოთა დარასელიას თხოვნით შეიყვანეთ, რომელსაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევისთვის სწორედ ჩემმა შვილმა შეუდგინა აქტი. აქტის წერიის მომენტში შოთა დარასელიას მეუღლემ ზამირა ღადუამ მე დამირეკა და დამემუქრა შემდეგი სიტყვებით: “თუ ირაკლი მას აქტს დაუწერს, საპატრულო პოლიციის უფროსი ჩვენი ოჯახის მეგობარია და ვანანებ შენს შვილს, სამსახურიდან მოვახსნევინებო”. თქვენ სწორედ ამის გამო აიძულეთ ჩემი შვილი განცხადება დაეწერა.

მე მოგმართავთ თხოვნით ქვემოთ მოყვანილ კითხვებზე ასევე საჯაროდ გამცეთ პასუხი, რის საფუძველზე შეიყვანეთ ირაკლი ცაავა ე.წ “შავ სიაში”?

1. თუ გადაცდომის გამო,მაშინ მიანიშნეთ რა სახის გადაცდომას ჰქონდა ადგილი;

2. თქვენი მეგობრის თხოვნით?

3. სენაკში ბომბების ცვენის დროს ბიჭების გამოყვანის გამო?

4. რა გადაცდომა ჰქონდა ირაკლის 2012 წლის დეკემბრის თვეში შოთა დარასელიას აქტის შედგენის დროს

მე გთხოვთ კონკრეტულად გამცეთ ყველა კითხვაზე პასუხი. ეს ჩემი ოჯახის ღირსების საქმეა, რომელიც თქვენ გაანადგურეთ.პასუხს იმ სისწრაფით ველოდები, როგორც თქვენ აიძულებდით ჩემს შვილს განცხადების დაწერას (სამ დღეში). მე ველოდები თქვენს პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაერკვნენ სიტუაციაში, ასევე მივმართავ თავად შინაგან საქმეთა მინისტრას ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს”-ნათქვამია რევაზ ცაავას წერილში.

სხვა ახალი ამბები: