ღია წერილი თამარ ჩერგოლეიშვილს სამეგრელოდან

0

tamaraუშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე სოციალურ ქსელ fcebook-ში ღია წერილი გამოქვეყნდა, რომელსაც სამეგრელოდან უგზავნიან. საინფორმაციო საგენტო smo.ge გთავაზობთ გამოქვეყნებულ ღია წერილს უკომენტაროდ.

ქალბატონო თამარ, სანამ წერილის მთავარ შინაარსზე გადავიდოდე მოგახსენებთ, რომ მეც ერთი იმათგანი ვარ, ვისაც უხაროდა ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს სამშობლოში ხდებოდა ბოლო 9 წელი – მიხაროდა მესტია და ანაკლია, რაბათი და სიღნაღი, ქუთაისი და ბათუმი. მიხაროდა ის, რომ დაიწყო პროცესი, სადაც ყველანი ერთად იძულებულნი ვიყავით გამხვდარიყავით კანონმორჩილნი. პოლიცია ხშირად ძნელად, მაგრამ მაინც იაზრებდა თავის უფლებასა და მოვალეობას. ამავე დროს მეტად მწყინდა ყველაფერი ცუდიც.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ხანდახან ზუსტად, ხანდახან ჭრელად,  ხანდახან მინიშნებით, ხანდახან პირიქით – აშუქებდნენ ტელევიზიები და სხვა მედიასაშუალებები, ტელეეთერის მარათონში საქართველოს პრეზიდენტს რეიტინგულად არ ჩამორჩებოდა თბილისის მერი გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, მერაბიშვილოქრუაშვილადეიშვილები. არსებობს ,,საზოგადოების აზრი“, რომელიც ხშირად უტყუარია და წყალი არ გაუვა. თუმცა არსებობს სიტუაციები, სადაც საზოგადოებას აქვს გარკვეული დაბნეულობის პერიოდი და ვერ ხვდება რაშია საქმე…

ადამიანური მომენტია, ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს. ეს ყველგან ხდება, დაბალი და მაღალი რანგის სამსახურში, როცა საქმე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებს ეხება, მოთმენისა და დათმენის ხარისხი მეტი უნდა იყოს, უბრალოდ მოეთხოვებათ! მაშინდელი ოპოზიციური მედიიდან და ამ მედიაოპონიმებიდან, რომელთა უმრავლესობა დღეს აშკარად ხელისუფლების სამსახურშია, წამოვიდა კასკადი ბრალდებებისა ახალაიების წინააღმდეგ. დაიწყო მითების შეთხზვა როლანდ ახალაიაზე, პარალელურ რეჟიმში ილანძღებოდნენ ბაჩანა და დათა ახალაიაები. ხშირად ოპონენტებს, უფრო ხშირად კი ბრალმდებლებს, მათი თანამდებობებიც კი ეშლებოდათ, სასჯელაღსრულების სისტემიდან დიდი ხნის წამოსულ ბაჩანა ახალაიას პასუხს იქ, იმ წუთას მიმდინარე მოვლენებზე სთხოვდნენ , (მაგალითად ბოლომდე გაურკვეველი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე. რომელსაც არსად არავინ არ ახსენებს)!

1 ოქტომბრიდან კი დაიწყო შეცდომებისა და დანაშაულების გამოაშკარავება. ბევრი გაიქცა, ბევრმა კითხვები უპასუხოდ დატოვა, ბევრმა იმუნიტეტით ისარგებლა, ბევრმა ალბათ იმ დროს ნაშოვნი არ დაიშურა.
ბაჩანა ახალაიამ ყველა კითხვაზე საპასუხოდ მზად ვარო და ძალიან უბრალოდ, ძალიან ადამიანურად პირველად გამოჩნდა ტელეეთერში. მე მგონი მარტო მე არ გამკვირვებია. გულში ალბათ ბევრ მის ოპონენტსაც და მოძულესაც გაუკვირდა და თავის თავს დაუსვა კითხვა – ეს არის მონსტრი და მკვლელი ბაჩო ახალაია? 6 თვეა ვაკვირდებით ამ პროცესს. მუშაობს მთელი სახელმწიფო სისტემა, ყოველი წინაგანცხადება კბილაშვილისა ერთ კვირაში მთავრდება კრახით, არ უმტკიცდება არც ერთი დანაშაული. ამ დროს გამოდის თამარ ჩერგოლეიშვილი, არც მეტი, არც ნაკლები სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე, (იძულებული ვარ შეგახსენოთ, იმიტომ, რომ მგონია ამ პასუხისმგებლობას გაურბიხართ), განიხილავს რაღაც უმნიშვნელო ამბავს, (ვიღაცამ თაფლი წაისვა ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად), და აცხადებს, რომ ის შეშფოთდა იმის მერე, რაც გაიგო ,,რაღაც-რაღაცეები“ ბაჩო ახალაიას ცუდი საქმეების შესახებ.

გასაგებია ქალბატონო თამარ, მაგრამ მისამართი რატომ შეგეშალათ? კბილაშვილთან უნდა მიხვიდეთ, თუ ფიქრობთ, რომ უშიშროების საბჭოს უკვე არაფერს ეკითხებიან, მოუყევით მათ ამ ცუდი საქმეების შესახებ და მოუხსნით მათ დიდ პრობლემას. ბაჩო ახალაიას ცოლი ეტყობა სჯერდებოდა მინისტრის ცოლის მოვალეობას, (მიუხედავად მისი ოჯახური არც თუ ისე უმნიშვნელო წარმომავლობისა) ბევრისგან განსხვავებით და ცხოვრობდა ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებით.
თუ უშიშროების საბჭო არ ფლობდა ინფორმაციას თუ რა ხდებოდა სამეგრელოში, ვის სად რა წილები ჰქონდა, ვინ რამდენ მიწას ყიდულობდა კაპიკებად, სად ვისი იყო ტენდერი და ვისი არ იყო, რომელი მაღალჩინოსანი ნაციონალების საქმეები ჩამოადებინეს თაროზე კიდევ უფრო მაღალჩინოსანმა ნაციონალებმა ყოფილ და ამჟამინდელ პროკურორებს, ამ ინფორმაციას ძალიან ადვილად მოიპოვებთ თუ დაინტერესდებით. თქვენ რომ გისმენთ, თუ ვკითხულობ თქვენს ნაწერს, გურამ დოჩანაშვილის ერთი წერილი მახსენდება, სადაც კლასიკოსი წერს ,,ღმერთმა ეტყობა ყველაზე სწორად ჭკუა გაანაწილაო, იმიტომ, რომ არავინ ჩივის, მაკლიაო. ხომ კარგია? არ შეეფერება დღევანდელ დღეს? ყველამ ჭკვიანი ვარო, ამდენი ჭკვიანი არ გამიგია, კაცო… ჭკვიანი ჩუმადაა, თუ გაჭირდა, ძალიან ბრძნულ სიტყვას იტყვის, მაგრამ წამდაუწუმ ჭკვიანი არ გამიგია… წამდაუწუმ მოლაპარაკე ჭკვიანი”!

სხვა ახალი ამბები: