ღია წერილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და კულტურის მინისტრს

0

1415601_693784363972692_1998531541_nსაქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ გურამ ოდიშარიას,

 მოგეხსენებათ, როგორი მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ და ასულდგმულებდნენ ანონიმი ავტორები.  განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში შეიძინა ჩვენმა ხალხურმა ქორეოგრაფიამ პროფესიული სახე და სცენაზე გადმოინაცვლა ახალი ფორმითა და შინაარსით.

      ქართული ცეკვის კლასიკოსების – დავით ჯავრიშვილის, ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის, ჯანო ბაგრატიონის, გიორგი (ბუხუტი)  დარახველიძის სახელთან ერთად მუდამ მოიხსენიება კიდევ რამდენიმე ქორეოგრაფი, ვინც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართული პროფესიული ცეკვის განვითარებას. მათ შორის გახლავთ საქართველოს სახალხო არტისტი ენვერ ხაბაძე.

იგი თითქმის ექვსი ათეული წელი ემსახურა სანუკვარ საქმეს, რითაც განუზომელი წვლილი შეიტანა მის გამდიდრებასა და რეპერტუარის გამრავალფეროვნებაში. იგი მოგვევლინა საქართველოს ძირძველი კუთხის – აჭარის საცეკვაო ფოლკლორის ნამდვილ რეფორმატორად, რომელმაც ახალი სუნთქვა და სიცოცხლე მიანიჭა აჭარულ და ლაზურ ხალხურ ცეკვებს.

1946 წელს  ენვერ ხაბაძემ პირველად  დადგა სცენაზე და ქორეოგრაფიულ სამყაროს გააცნო აჭარული სატრფიალო ცეკვა,  სახელიც თავად შეურჩია და „განადაგანა“ უწოდა. მანვე ქართულ  რეპერტუარში დაამკვიდრა დიდებული ცეკვები „გადახვეული ხორუმი“ და „ოჰოი-ნანოი“. 1947 წელს კი ენვერ ხაბაძემ შექმნა „ლაზ მეთევზეთა ცეკვა“, იგივე „ლაზური“, როგორც მას უფრო ხშირად უწოდებენ.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სწორედ ენვერ ხაბაძემ დაამკვიდრა ქალის ცეკვა აღნიშნულ ქორეოგრფიულ ნიმუშებში. 1948 წელს ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიწვევით ენვერ ხაბაძემ საქართველოს ცეკვის სახელმწიფო  აკადემიურ ანსამბლში დადგა „გადახვეული ხორუმი“ და „ლაზური“,  1966 წელს კი აქვე „ხორუმის“  დადგმა  განახორციელა.

აღსანიშნავია, ისიც რომ ენვერ ხაბაძემ ქორეოგრაფიის მუსიკალურ ნაწილში პირველად შემოიტანა ჭიბონის ხმოვანება, რითაც ამ ცეკვებმა ახალი პლასტები შეიძინა. ენვერ ხაბაძის ნაწრთობ ნიმუშებს ცეკვის დიდი ოსტატისა და მესაიდუმლის კვალი ატყვია. ეს გახლავთ  მკაფიო ხელწერითა და სინატიფით გამორჩეული ხელოვნება, რომელმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ საცეკვაო რეპერტუარში და ამასთან, საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა.

ფასდაუდებელია ენვერ ხაბაძის თავდადებული მოღვაწეობა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც მან თითქმის ნახევარი საუკუნე შეალია. სწორედ ამ ანსამბლის მეშვეობით განივრცო და პოპულარული გახდა მთელ საქართველოში აჭარული და ლაზური ცეკვები.თავის მხრივ  ბატონი ენვერი  მუდმივად ამდიდრებდა საკუთარი ანსამბლის რეპერტუარს  საქართველოს სხვა კუთხეების ქორეოგრაფიული მონაპოვრებით. მანვე აღზარდა ნიჭიერ მოცეკვავეთა და ქორეოგრაფთა მთელი თაობები, რომლებიც დღეს ქართულ ცეკვას ემსახურებიან და სახელს უთქვამენ.

ევნერ ხაბაძეს უკავშირდება ბათუმის საქალაქო ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლის „სალაღობოს“, ბავშვთა ანსამბლ „გაზაფხულის“, ასევე ბათუმის მერიასთან არსებული ანსამბლის „ბათუმის“  შექმნა. ეს უკანასკნელი ამჯერად ენვერ ხაბაძის სახელს ატარებს.

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა მისი გარდაცვალების შემდეგ დააწესა ენვერ ხაბაძის სახელობის პრემია, რითაც უკვდავყო მისი, როგორც სახელოვანი ქორეოგრაფის წარუშლელი კვალი და ნამდვილი სახალხო აღიარება.

ენვერ ხაბაძის 75 წლის იუბილე 1998 წელს დიდი ზეიმით აღინიშნა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ენევრ ხაბაძეს დაბადებიდან 90 წლისთავი უსრულდება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნევთ  შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას ის ღვაწლი, რომელიც ქართული სულიერების აღორძინებაში მიუძღვის ამ დიდებულ მამულიშვილსა და ხელოვანს.

მას არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ეცხოვრა და ეშრომა დედაქალაქში, მაგრამ არასოდეს დაუტოვებია მშობლიური აჭარა და ბათუმი. აქ  ემსახურებოდა იგი თავისსაყვარელ საქმეს და საქვეყნო იდეალებს.

მისასალმებელი იქნება, თუკი ევნერ ხაბაძის საიუბილეო პროგრამა მალევე შედგება და მისი საღამოები გაიმართება თბილისსა და ბათუმში,  კარგი იქნება  ასევე გამოიცეს მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი, მისი სახელი დაერქვას ქუჩას, გაიხსნას ბიუსტი,  რომელიმე სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში დაწესდეს მისი სახელობის სტიპენდია, შეიქმნას დოკუმენტური ფილმი, ჩატარდეს  სამეცნიერო კონფერენცია…  უკვდავყოფის მრავალნაირი ფორმა  არსებობს და ენვერ ხაბაძე თავისი საჩინო ღვაწლით სამართლიანად იმსახურებს ამგვარ გამორჩეულ ყურადღებას და პატივგებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ გულისყურით მოეკიდებით წინამდებარე იუბილეს და მის სათანადოდ აღნიშვნაში დაგვეხმარებით.

 

მოგმართავთ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის სახელით:

 

ლაუზი (რეზო) ჭანიშვილი (საქართველოს ქორეოგრაფიის მიღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი);

ფრიდონ სულაბერიძე (საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი);

 

ომარ მხეიძე (საქართველოს სახალხო არტისტი,ეროვნული პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო  მოქალაქე);

რევაზ ჭოხონელიძე (საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი);

თენგიზ უთმელიძე (საქართველოს სახალხო არტისტი, „საქართველოს კულტურის რაინდი“);

ოლეგ ალავიძე (ხელოვნებათმცოდნე, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი);

უჩა დვალიშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი).

 

სხვა ახალი ამბები: