შეეწირა თუ არა პარტიულ დავალებებს სკოლის ყოფილი დირექტორი?!

0

012საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ცხელი ხაზის საშუალებით წალენჯიხის რაიონიდან წერილი მიიღო, სადაც წალენჯიხის ერთ-ერთი სოფლის სკოლის ყოფილი დირექტორი გულახდილად გვიყვება ამბებს, რომელიც მას გადახდა. წერილის ადრესატს საინფორმაციო სააგენტო დაუკავშირდა და უფრო ვრცლად სთხოვა იმ ისტორიების მოყოლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი სკოლის დირექტორად მუშაობის პერიოდში.

დალი კვარაცხელია წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია. როგორც პირად საუბრებში მოგვიყვა იგი ადგილობრივმა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან სამუშიამ და “კუდ”-ის ხელმძღვანელმა გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. დალი კვარაცხელიას მტკიცებით მისი სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლების ძირითადი მოტივი განსხვავებული აზრის გამოთქმა და “მისი გააქტიურება” იყო.

-ქალბატონო დალი საიდან ასკვნით, რომ განსხვავებული აზრის გამო იდევნებოდით და ამის გამო გაგათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან?

-თბილისში წავედი და ვიკითხე განათლების სამინისტროში გათავისუფლების მიზეზები. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მიპასუხეს, რომ მე ვიყავი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არასასურველი კანდიდატი, რადგან არ ვასრულებდი პარტიულ დავალებებს. როცა ჩამოვედი წალენჯიხაში უცებ შევედი “კუდ”-ის უფროსთან ზაალ ღურწკაიასთან, რომელიც წალენჯიხაში ყველაფერს წყვეტდა და ასეთი კითხვა დავუსვი, რა დავაშავე ასეთი რომ დირექტორობიდან მომხსენითთქო. მიპასუხა რომ ძალიან დიდ პატივს გცემ როგორც პედაგოგს, პატივს ვცემ შენს ძმას და ოჯახსაც მაგრან ძალიან აქტიურობო. ჩემი გათავისუფლება კი დაუკავშირეს ე.წ ოპტიმიზაციას და ჩემს ადგილზე დანიშნეს ისევ მათი რჩეული, ზაალ ღურწკაიას ნაცნობი და ამავე დროს რუსუდან სამუშიას მეგობარი ნონა კვარაცხელია.

-თქვენ ახსენეთ პარტიული დავალებების შეუსრულებლობა ერთ-ერთ მიზეზად და რა იგულისხმებოდა ამ პარტიულ დავალებებში?

-თითქმის ყველაფერი. აი მაგალითად ერთ შემთხვევას გავიხსენებ. მირეკავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან სამუშია და მეუბნება შენთან ახლა მოვა ერთ-ერთი ცენტრალური არხის კორესპონდენტი, უნდა ჩაგწეროს რაღაც თემაზე და ყველაფერი გაუკეთე რასაც გეტყვისო. მე რათქმაუნდა დაველოდე მის მოსვლას და დიდი ხნის შემდეგ მოვიდა “რუსთავი2”-ის კორესპონდენტი ემა გოგოხია. ეს იყო 2008 წლის სექტემბერი. მითხრა ინტერვიუ უნდა ჩავწერო რუს  ოკუპანტებთან დაკავშირებითო. მე დავთანხმდი, მითუმეტეს რომ დირექტივა მქონდა მიღებული “ზემოდან”. გოგოხიას ჩემი ზოგადი პასუხები არ მოეწონა და მითხრა, არა ასე არ მინდა, შენ უნდა თქვა, რომ სახლში რუსები ტანკით შემოგეჭრნენ და რუსული პასპორტის აღებას გაძალებდნენო. როცა შენ არ დათანხმდი ამას, თითქოს სახლ-კარი დაგირბიესო. გავგიჟდი ეს რომ მითხრა. როგორ გეკადრებათ ასეთ სიცრუეს მე ვერ ვიტყვი მეთქი. ჟურნალისტი ამაზე გაბრაზდა და დატოვა იქაურობა. ცოტახანში მირეკავს ისევ სამუშია და მეუბნება, რა მოხდა, ემა რატომ აწყენინეო. მე ყველაფერი ავუხსენი, რის შემდეგაც მან ტელეფონი გამითიშა. თუმცა მან მანამდე იმის თქმა მოასწრო, რომ ეს სხვისი დავალება იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს დავალება ზაალ ღურწკაიამ და სამუშიამ გადაინაწილეს, თუმცა ჩემგან ემა გოგოხიამ სასურველი ინტერვიუ ვერ მიიღო. აი ასეთი პარტიული დავალებები ბევრი იყო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge წალენჯიხის რესურსცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს რუსუდან სამუშიასაც დაუკავშირდა. სამუშიამ ყოფილი დირექტორის ბრალდებებს ბრალდებებითვე უპასუხა. მისი განცხადებით ჯგალის საჯარო სკოლაში დალი კვარაცხელია ძალდატანებით დაინიშნა, რადგან მის დანიშნვას სკოლის პედკოლექტივი ეწინააღმდეგებოდა. გათავისუფლების მიზეზად კი სკოლაში სწავლების დაბალი ხარისხი დაასახელა. სამუშიამ ვერც “რუსთავი2”- ის კორესპონდენტთან, ემა გოგოხიასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და ამ ფაქტს დალი კვარაცხელიას ფანტაზიები უწოდა.

თავად დალი კვარაცხელიას კი სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ წალენჯიხის რაიონში ისევ ძველებურად ხდება უკანონობები და ღურწკაიას გავლენა ისევ მოქმედებს. მართალია ის არ ჩანს ოფიციალურად არენაზე, თუმცა მისი საქმეები ისევ მოქმედებაშია. სკოლის ყოფილი დირექტორი ამ დროისთვის ისევ იმავე სკოლაში მუშაობს მხოლოდ ერთი განსხვავებით. მას რამდენიმე საათი აქვს დათმობილი და თანასოფლელებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

სხვა ახალი ამბები: