შემოსავლების სამსახური ზუგდიდში მაღაზიების დალუქვას უარყოფს

0

rcშემოსავლების სამსახური მათ მიერ ზუგდიდში მაღაზიების დალუქვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახური მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, ბიზნესის შეფერხებას არ დაუშვებს.

” შემოსავლების სამსახურს ზუგდიდში, სამუშაო საათებში არცერთი მაღაზია არ დაულუქავს. ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ გამოცემული, ორი ბრძანების საფუძველზე, ინდმეწარმე “დავით ჭითანავა”-ს და ინდმეწარმე “ციცა კუხალეიშვილი”-ს ობიექტები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნით, მხოლოდ არასამუშაო დროს, რამდენიმე საათით (ღამის საათებში) დაილუქა. დილიდან ობიექტები გაიხსნა და გადამხდელებს სამუშაო პროცესში ხელი არ შეშლიათ” – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. “შესამოწმებელთა სიის” შესახებ, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ- ასეთი სია არ არსებობს.

“შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი ინვენტარიზაციას, რისკების პროგრამის მიხედვით, მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს. რისკების დამუშავება და ანალიზი თითოეული გადამხდელის მიმართ ინდივიდუალურად ხორციელდება და შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ ბრძანებაც, ინდივიდუალურად იწერება და ბარდება გადამხდელს” – განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

სხვა ახალი ამბები: