შეცვლილი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება

0

archevnebi2020შეცვლილი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება, 2016 წელს კი მაჟორიტარ დეპუტატებს ასარჩევად 50 %-იანი ბარიერი დაუწესდებათ – ასეთია ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ცოტახნის წინ პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამოაცხადა.

მმართველი კოალიციის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

უმრავლესობის სრული შემადგენლობის შეკრებამდე საარჩევნო კანონმდებლობის გარშემო დეპუტატები ფრაქცია ,,ქართული ოცნების” სხდომაზე მსჯელობდნენ.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მოქმედი საარჩევნო სისტემა ბოლომდე არ შეესაბამებოდა სამართლიანი და თანასწორი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის მას აუცილებლად გავაუმჯობესებდით. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. სწორედ ეს განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომაც, საარჩევნო კოდექსის იმ დებულებასთან დაკავშირებით, რითაც ისარგებლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას, რომელიც, შინაარსითაც და განხორციელების სქემითაც, დაეფუძნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან; ასევე, უპასუხებს საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის დღევანდელ განწყობებს და ასევე საზოგადოებრივი პროცესების დინამიკას. ჩვენი ამოცანაა, საარჩევნო სისტემის რეფორმით ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციას, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების განწყობების ყველაზე უფრო ადეკვატურ ასახვას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და პოლიტიკური კონკურენციის სამართლიანი და სტაბილური წესების დამკვიდრებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.