შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

0

shssშინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 აგვისტოს №644 ბრძანებით პირდაპირ დადგენილია თვისებრივად ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებულ პირთა წრის მიმართ მითითებული თარიღიდან ვრცელდება ნასამართლობის მოხსნის რეჟიმი.

ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებდა დათქმას ნასამართლობის მოხსნის წესის შესახებ. აღნიშნულმა გამოიწვია სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მრავალგვარი ინტერპრეტირება, მათ შორის, არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკაც, რაც გაუმართლებლად ზღუდავდა მოქალაქეთა კანონიერ უფლებებს, ართულებდა მათი რესოციალიზაციის პროცესს და იწვევდა სამართლიან უკმაყოფილებას.

მიუხედავად ამნისტიის მასობრივი ხასიათის და საყოველთაო ფორმისა, ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი რისკ-ფაქტორების შეფასების და პერსპექტიული პროგნოზირების შესაბამისად დაგეგმილი და ოპერატიულად ჩატარებული პრევენტულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ამნისტიით გამოწვეული უარყოფითი დინამიკა პრაქტიკულად ნიველირებულია და აღნიშნული ფაქტორის საერთო კრიმინალურ სიტუაციაზე ნეგატიური ზეგავლენის ხარისხი დღევანდელი მდგომარეობით მინიმუმამდეა დაყვანილი.

პრეზიდენტის მიერ პოლიციის დემორალიზაციის შესახებ გაკეთებული განცხადება არა მხოლოდ პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის შემცირებისაკენ, არამედ საზოგადოებაში ანტიპოლიციური განწყობების გაზრდისა და დისონანსის შეტანისაკენ არის მიმართული. პრეზიდენტის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია არის მოტივირებული და ეფექტურად მუშაობს.

რაც შეეხება იუსტიციის და შს სამინისტროების მონაცემთა შორის არსებულ განსხვავებებს, აღნიშნული გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: – შსს-ს სისხლის სამართლის სტატისტიკის მონაცემები მოიცავს შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიხედვით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემები მოიცავს ყველა შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილი სახელმწიფო უწყების საგამოძიებო ორგანოს საქართველოს მასშტაბით; – შს სამინისტროს სტატისტიკა აღრიცხავს რეგისტრირებული დანაშაულის ფაქტებს დინამიკაში, კვალიფიკაციის შეცვლის, გაერთიანება-გამოყოფის და წარმოებით შეწყვეტის შესახებ მონაცემების ჩათვლით. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ საწყის ფორმალურ მონაცემებს;

ასევე გვსურს, გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის განცხადებას და ავღნიშნოთ, რომ მას არა ერთხელ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული და შეურაცხმყოფელი განცხადებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს გამიზნულად არ ხდება. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

556480_122410437929349_1263254543_n

სხვა ახალი ამბები: