შოთა მალაშხიას წინააღმდეგ 12 დეპუტატი გამოდის

1

malashxiaპარლამენტის 12 დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი უმცირესობის წევრ შოთა მალაშხიას სასამართლოში ჩივილით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის ბოდიშს არ მოიხდის.

აღნიშნული განცხადება 12 დამოუკიდებელი დეპუტატის სახელით დღეს დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა გურამ მისაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისაბიშვილის გამოსვლა ხმაურის ფონზე წარიმართა. მას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

“მოგმართავთ 12 მაჟორიტარ-დეპუტატის სახელით. ჩვენი მისამართით უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგნელის მხრიდან წამოსული აგრესია და ცინიზმი ყოველგვარ ფარგლებს – არამხოლოდ კანონის, არამედ ადამიანური და მორალის პრინციპებსაც გასცდა. სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭირო ამაზე გამოხმაურება. ის, რაც შოთა მალაშხიამ პრესაში განაცხადა, ეს უკვე არც პოლიტიკაა, არც კრიტიკა და ზნეობასთან ხომ საერთოდ საქმე არ აქვს. ბატონი მალაშხია, რატომღაც ნაძირლებად გვამკობს იმ 12 დეპუტატს, რომლებმაც ჩვენი საქმიანობის გაგრძელება პარლამენტში დამოუკიდებელი სტატუსით ვარჩიეთ და ბოლოს გახმაურებული კადრების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს არჩევანში არ შევმცდარვართ. ამგვარ დანაშაულზე უარის თქმა თუ ნაძირლობად მიგაჩნიათ, მაშინ მე მიჯობს, ნაძირალა მიწოდოთ, რომელიმე პატრიულ შეკრებაზე, მაგრამ ქართული საზოგადოების წინაშე სუფთა და მართალი კაცის სახელი მქონდეს, რომელიც ამ სიმახინჯეს გაემიჯნა. ასეთივეა ჩემი კოლეგების პოზიციაც. შოთასა და მისნაირების გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ გარჩევებისთვის, პოლიტიკური ინსინუაციებისთვისა და სალაყბოდ არ შემოვსულვართ პარლამენტში. თითოელ დეპუტატს ჩვენი ამომრჩევლების წინაშე ვალდებულებები გვაქვს. მალაშხია ვერ იტყვის იმას, რომ ამის თანამონაწილე არ იყო. ის ამბობს, რომ ჩვენ თუ ვიტყოდით, რომ თქვენ დედას ამას ვუზამთ, მაშინ ჩვენ დედებსაც მოვიკითხავდით, მამასაც, ბიძებსაც, ბიძაშვილებსაც, მარტო დედებზე არ ვჩერდებიდითო. საინტერესოა, მალაშხიას ეს სიტყვები რას ნიშნავს. აქვე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კოლეგას, რომ მისი არაკაცური სიტყვების სიმძიმე კიდევ ერთხელ გაიაზროს, მას ადეკვატური შეფასება მისცეს და ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, საკითხის სამართლებრივი გზებით გასარკვევად, რადგან ის შეურაცხყოფს ჩვენს მორალს, პატივსა და ღირსებას, რომელსაც შოთასგან განსხვავებით ძალიან ვუფრთხილდებით”, – განაცხადა მისაბიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: