შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

0

socar-logoშპს ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია ’’ საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს დღეს გაზეთ ,,ალიაში’’ გამოქვეყნებულ სტატიას ,,აზერბაიჯანი იაფი გაზის სანაცვლოდ დავით გარეჯის მონასტერს ითხოვს’’ და სრული პასუხისმგებლობით განაცხადოს: სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.

სტატიის მთელი პათოსი აგებულია ,,გარკვეული წრეების’’ ნაამბობზე და მასში ვერ ამოიკითხავთ სათაურის დამადასტურებელ რაიმე არგუმენტირებულ და ოფიციალურ განცხადებებს. პირიქით, ოფიციალური წრეები არ განიხილავენ იაფი გაზის სანაცვლოდ რაიმე ტიპის მოთხოვნის ქართული მხარისთვის წაყენებას.
საქართველო აზერბაიჯანისგან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საკმაოდ დაბალი ტარიფით ყიდულობს ბუნებრივ აირს, რაც განპირობებულია ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი კეილმეზობლური და პარტნიორული დამოკიდებულებით.

საქართველოში ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური სიძნელეების გათვალისწინებით შპს ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია ’’ არ გეგმავს 1 მარტიდან გააძვიროს ბუნებრივი აირის ტარიფი კომერციული ობიექტებისათვის. უფრო მეტიც, კომპანია იმთავითვე არ ყოფილა გაზზე ფასის მომატების ინიციატორი.

ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგავრი პოლიტიკური წნეხისგან და ხელისუფლების ჩარევისგან. მხოლოდ მისასალმებელი და მაღალი სახელმწიფოებრივი კულტურის დასტურია, როცა არსებობს ნება სახელმწიფოებს შორის არსებული ნებისმიერი პრობლემა ურთიერთდახმარებითა და თანამშრომლობით გადაწყდეს. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ამ ყველაფრის გათვალისწინებით კომპანიის საქმიანობის რაიმე ფორმით რელიგიურ თემებთან დაკავშირება და სპეკულირება.

შპს ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია ’’ ერთ-ერთია, ვინც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისა და მისი უწმინდესობის ილია მეორის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩევა. სწორედ ამის გამოხატულებაა საქართველოს სალოცავებისა და ეკლესია-მონასტრებისთვის უსასყიდლოდ ბუნებრივი აირის მიწოდება.

ჩვენი საქმიანობა ყოველთვის იყო და იქნება გამჭირვალე და ორი სახელმწიფოს საზოგადოების ინტერესებზე მორგებული. ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ გავცდეთ ვიწრო პოლიტიკურ თუ პიროვნულ ამბიციებს, რათა არ დავაზარალოთ მართლაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

სხვა ახალი ამბები: