შშმ პირების ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი ბარიერები

0

shshmშეზღუდული შესაძლებობის მქონე პირები საქართველოში ჯერ კიდევ უამრავ პრობლემებს აწყდებიან. ამ მხრივ გამონაკლისი არც სამეგრელოს რეგიონია, თუმცა აღნიშნული პრობლემების მოგვარების სათანადო გზა ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე გააჩნია. საკითხის უკეთ გასაცნობად საინფორმაციო სააგენტო smo.ge ასოციაცია “დეას” ეწვია. აღმასრულებელ დირექტორის მადონა ხარებავას განცხადებით ბარიერები ჯერ კიდევ არსებობს როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურის, ასევე საზოგადოების მხრიდანაც.

“პირველ რიგში საუბარია იმ ბარიერებზე, რაც არსებობს ჩვენს ირგვლივ. ზოგადად მარტო ფიზიკურ ინფრასტრუქტურას არ უნდა გავუსვათ ხაზი, არსებობს სხვა ბარიერებიც, უშუალოდ საზოგადოების მხრიდან. საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ დგას იმ დონეზე როცა  მათ შეუძლიათ ეს ადამიანები მიიღონ, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.ამის გარდა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს აქვთ კომპლექსი საზოგადოებაში გამოჩენის. დღეს ბევრი ის ოჯახი სადაც ოჯახის წევრი შეზღუდული შესაძლებობისაა თავს არიდებს ასეთი ადამიანის გარეთ გაყვანას. ეს კი უდიდეს ფსიქოლოგიურ დარტყმას აყნებს ასეთ ადამიანს. რა სახის პრობლემებს აწყდებიან ეს ადამიანები ქალაქში გადაადგილებისას?ქალაქში არსებული თითქმის არცერთა დაწესებულება არ არის ადაპტირებული (მორგებული) შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების მდგომარეობას. არ არსებობს პანდუსები, არ არსებობს სპეციალური ლიფტები შენობებში. ტრანსპორტში ასვლა კი სხვის დაუხმარებლად პრაქტიკულად არ შეუძლიათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა  ყველა ადამიანის უფლებები და შესაძლებლობები დაცული და გათვალისწინებულ იქნას”-აცხადებს მადონა ხარებავა.

“შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს საქართველოში უამრავი პრობლემა აწუხებთ, როგორც განათლების მიღების მხრივ ისე თავისუფლად გადაადგილების მხრივაც. განათლების მიღება ასეთი ადამიანებისთვის დიდი პრობლემაა, რადგან სკოლაში მიყვანის შემთხვევაში აწყდებიან მასწავლებლისა თუ მშობლების მხრიდან აგრესიულ დამოკიდებულებას, რაც ისევ და ისევ მიუთითებს სათანადო განათლების არ ქონაზე. რაც შეეხება ქალაქში გადაადგილებას, ეს ძალზე რთულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ ქონის ფონზე”-აცხადებს ასოციაცია “დეას” პროექტების კოორდინატორი ივეტა წიტაშვილი.

ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები შშმ პირების პრობლემებზე ფიქრობენ და მათ წინაშე წარმოქმნილი ყველა პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ. უფრო ზუსტიინფორმაციისთვის smo.ge-მ კომენტარი სთხოვა ქალაქ ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს ეკატერინე თოდუას. თოდუას განცხადებით ქალაის მაშტაბით მომავალი წლიდან სპეციალური ტროტუარები მოეწყობა და პანდუსები განთავსდება ყველა საჯარო უწყების შენობასა და საცხოვრებელ კორპუსებზე.

“მომავალი წლისათვის ქალაქში იგეგმება სპეციალური ტროტუარების მოწყობა, რაც ამ ადამიანებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე  ჩვენი სამსახური ზრუნავს, რათა ყველა საჯარო სამსახურმა თუ კერძო პირმა, რომელიც აპირებს ან უკვე დაწყებული აქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ისე მოაწყოს ინფრასტრუქტურა, რომ შეზღდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის შეუზღუდავი იყოს გადაადგილება”-აღნიშნა ეკატერინე თოდუამ.

მასალა მოამზადა ბესიკ ღვინჯილიამ