ჩერქეზები სოჭის ოლიმპიადის გახსნას ანაკლიაში გააპროტესტებენ

0

1392825_669221216430654_1820083000_n„სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა ჩერქეზების გენოციდის აღიარებასთან წინააღმდეგობაში მოდის“ არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის“ განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა ჩერქეზების გენოციდის აღიარებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამის შესახებ FrontNews-ის პრეს–კლუბში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ორგანიზაციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ნინო ონაშვილმა განაცხადა. „მინდა აღვნიშნო, რომ სოჭი იყო ჩერქეზეთის დედაქალაქი; მე-19 საუკუნეში სწორედ სოჭში მუშაობდა ჩერქეზული მეჯლისი “ადიღე ხასა”. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში კი, როცა რუსებმა ჩერქეზები დახოცეს, საკუთარი სამშობლოდან აყარეს და გადაასახლეს, ამ ერმა ფაქტობრივად დაკარგა სამშობლო და თურქეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში გადაიხვეწა. მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ საქართველომ აღიარა ჩერქეზების გენოციდი და დღეს სწორედ იმ ტერიტორიაზე ტარდება სოჭის ოლიმპიადა, სადაც გენოციდს ჰქონდა ადგილი. ამ ისტორიული რეალობის ფონზე, საქართველოს ოლიმპიადაში მონაწილეობამ შეიძლება, ცუდი შედეგი იქონიოს ჩვენსა და ჩერქეზების ურთიერთობაზე. მე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ჩერქეზულ დიასპორასთან და ისინი ამ ფაქტით აღშფოთებულები არიან. ამიტომ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ყურადღება გაამახვილოს საკითხის ამ მხარეზე. ვფიქრობთ, ხელისუფლება ვალდებულია, დაფიქრდეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას“, – განაცხადა ონაშვილმა. თავის მხრივ, ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუკრი ნოდიამ აღნიშნა, რომ „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობა“, იმ დღეს, როცა სოჭის ოლიმპიადა გაიხსნება, გეგმავს ანაკლიაში, სადაც ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მონუმენტია, საპროტესტო აქცია გამართოს. „ვაპირებთ, ამ ფორმით სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩერქეზ ხალხს და ასევე, მოვუწოდებთ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვერდში დაგვიდგნენ“, – აღნიშნა ნოდიამ.

სხვა ახალი ამბები: