ჩხუბი აფხაზ მილიციელებსა და “პრეზიდენტის” დაცვას შორის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

0

792157_423661484379616_207598324_oერთი კვირის წინ სოხუმში მომხდარი ინციდენტი, რომელსაც საბოლოოდ აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომა მოჰყვა, შესაძლოა აფხაზეთში სერიოზული შიდა დაპირისპირების საფუძველი გახდეს. ყველაფერი კი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქუჩური გარჩევით დაიწყო – დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრმა სოხუმის ცენტრში ორი მილიციელი გალახა, მეორე დღეს კი უკვე მილიციელებმა მასზე შური იძიეს და ასევე სასტიკად სცემეს.

ეს ყველაფერი საბოლოოდ ორ დე ფაქტო უწყებას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. “პრეზიდენტმა” ხაჯიმბამ ღიად დაუჭირა მხარი თავის დაცვას და შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი რაულ ლოლუა და სოხუმის სამმართველოს დე ფაქტო უფროსი დიმიტრი დბარი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

როგორც აფხაზური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, დბარს თანამდებობის დატოვება თავად ხაჯიმბამ მოსთხოვა, ხოლო ლოლუამ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი “შს მინისტრი” უკვე ჰყავს – გუშინ ხაჯიმბამ ამ თანამდებობაზე ბესლან ხაგბა დაამტკიცა.

ცნობისათვის, 7 მაისს სოხუმის ცენტრში, სასტუმრო “რიწასთან” პატრულირებისას ქალაქის დე ფაქტო მილიციის ორ თანამშრომელს თავს სახელმწიფო დაცვის სამსახურის რამდენიმე წევრი დაესხა, რის შედეგადაც მილიციის თანამშრომლები მძიმე დაზიანებებით სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კონფლიქტის მიზეზებზე აფხაზური მედია არაფერს იუწყება.

ინციდენტი მეორე დღესაც გაგრძელდა, როცა პატრული წინა დღის კონფლიქტის წამომწყებ პირებს სოხუმის სანაპიროზე გადაეყარა. მათ დამნაშავეების მილიციის განყოფილებაში წაყვანა სცადეს, რასაც განმეორებითი კონფლიქტი მოჰყვა, ოღონდ ამჯერად სწორედ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი წევრი დაშავდა.

აღნიშნულმა ინციდენტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობაში, ისე საზოგადოებასა და მედიაში.

საუბარია იმაზე, რომ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ რაულ ხაჯიმბამ საკუთარი დაცვის თანამშრომლების მხარე დაიჭირა, თავად მივიდა სოხუმის მილიციის განყოფილებაში და მის უფროს დიმიტრი დბარს სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. მოგვიანებით კი გადადგომის შესახებ განცხადება რაულ ლოლუამაც დაწერა.

ხაჯიმბას ამ ცვლილებას ადგილობრივ ვეტერანთა პოლიტიკური ორგანიზაცია “ამცახარა” აპროტესტებს და “პრეზიდენტს” მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

“ამ ამბავს წინ უსწრებდა ინციდენტი, პრეზიდენტის დაცვის წევრები, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების არასათანადო ქცევა. როგორც ცნობილია, დაცვის წევრებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის ინციდენტი გენერალურ პროკურატურას არ გამოუძიებია და არ იქნა მიღებული კანონიერი ღონისძიებები. არც სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა დამნაშავე პირების გამოსავლენად. გამოძიების ნაცვლად კი ქვეყნის პრეზიდენტი სუბიექტური მიზეზებიდან გამოვიდა და საკუთარი დაცვის თანამშრომლები დაიცვა ისე, რომ სამმართველოს თანამშრომელთა დანაშაულზე მტკიცებულებები არ ჰქონია და სამმართველოს უფროსს, დიმიტრი დბარს გადადგომაზე განცხადების დაწერა აიძულა”, – წერია განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო გენპროკურატურამ მალევე გაავრცელა ცნობა, რომ 8 მაისის ინციდენტზე, რომლის დროსაც მძიმედ დაშავდა ხაჯიმბას დაცვის წევრი ჯამბულ დოგუა, გამოძიება დაწყებულია.

7 მაისის ინციდენტს კი დე ფაქტო სამხედრო პროკურატურა იძიებს. გამოძიების ინფორმაციით, 7 მაისს, საღამოს 6 საათზე სოხუმის მთავარ პროსპექტზე სახელმწიფო დაცვის ერთმა წევრმა ჯონი ხარჩილავამ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სახეში მუშტი ჩაარტყა შს სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომელ ასლან სანგულიას. სანგულია ქვედა ყბის მოტეხილობით რესპუბლიკურ საავდმყოფოში გადაიყვანეს. სხეულის დაზიანება მიიღო ასევე სამმართველოს ოპერმუშაკმა ანზორ შართანმა.

პარტია “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიას თქმით, ინციდენტი მთვრალ ადამიანებს შორის მოხდა, ხოლო რადგანაც ხაჯიმბას დაცვის წევრების უმეტესობა რუსეთის “ეფ-ეს-ბეს” თანამშრომლები არიან, ხაჯიმბამ მათი მხარე დაიჭირა.

“ცალსახად ჩანს, რომ ხაჯიმას ავტორიტეტმა გადაწონა. მან საკუთარი დაცვა დაიცვა და ამიტომ “მინისტრს” თანამდებობა დაატოვებინეს. დაცვის უზრუნველყოფას “ეფ-ეს-ბეს” ოფიციალური მოქმედი თანამშრომლები ახორციელებენ. როგორც ჩანს, რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მინისტრის შეცვლის საკითხი დააყენეს”, – ამბობს დავითაია.

როგორც სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სამმართველოს უფროსი დბარი გაათავისუფლა, რაულ ლოლუამ კი გადადგომაზე განცხადება თავად დაწერა.

“ამ ინციდენტის დროს ხაჯიმბა სოხუმში არ იმყოფებოდა. როგორც კი ჩავიდა, შს საქალაქო სამმართველოში მივიდა და როგორც ჩანს, იჩხუბა. ამას მოჰყვა ის, რომ საქალაქო სამმართველოს უფროსმა განცხადება დაწერა. ეტყობა, ეს ლოლუას ეწყინა, მის გარეშე რომ გაათავისუფლეს თანამშრომელი და ეტყობა, ამიტომ მანაც დაწერა განცხადება,” – ამბობს არეშიძე.

რამ გამოიწვია ერთი კვირის წინანდელი დაპირისპირება, ამის შესახებ არეშიძეს ორი სავარაუდო ვერსია აქვს – ერთი ვერსიაა ის, რომ რაღაც ბიზნესი ვერ გაიყვეს, მეორე ვერსია კი საყოფაცხოვრებოა – ნასვამები იყვნენ და წამოეკიდნენ ერთმანეთს.

მამუკა არეშიძე: “აფხაზეთში საზოგადოება კლანურია. როდესაც რომელიმე კლანის წევრი იჩაგრება, მთელი კლანი მის დასაცავად ფეხზე დგება. მით უმეტეს, თუ ეს წევრი საზოგადო ან პოლიტიკური მოღვაწეა.

“მაგალითად, ბიზნესმენ მატუას ფულის მოპარვის გამო დაჭერას რომ უპირებდნენ, მისი კლანის წევრები სასამართლოზე შეიარაღებულები მივიდნენ. ეს ერთ თვის წინ მოხდა.

“ნებისმიერი ლიდერი აფხაზეთს კლანების მეშვეობით მართავს. ამიტომ იყო, რომ აფხაზურ-რუსული მჭიდრო ურთიერთობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა იმ რუსი მოქალაქეების სახლში დაბრუნება, რომლებიც აფხაზებმა სახლებიდან გამოყარეს.

“აფხაზეთში რუსეთის ელჩის მაგიდაზე 4 ათასზე მეტი რუსი ეროვნების მოქალაქის განცხადება იდო. ბაღაფშის დროს კომისიაც შეიქმნა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოხერხდა. ბაღაფშმა კერძო საუბარში ისიც თქვა – რა გინდათ, სამოქალაქო ომი დავიწყოო?!

“არის სფეროები, სადაც რუსები ვერაფერს ბედავენ და არის სფეროები, რომელიც მთლიანად რუსების ხელშია, მაგალითად, საზღვრის დაცვა. აფხაზებს მოუწით იმის დათმობა, რომ გალში რუსების ჩასახლებაზე თანხმობა მიეცათ და ცოტა ხანში გალში საკმაოდ ბევრი რუსული ოჯახი იქნება”.

ლიკა ბასილაია

გაზეთი “რეზონანსი”

სხვა ახალი ამბები: