ცდილობს თუ არა ზუგდიდის საკრებულო წინასაარჩევნოდ “სატელიტი არასამთავრობოების” დაფინანსებას?

0

zugdidis sakrebuloooზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 11 აპრილს მიიღო სპეციალური განკარგულება, რომელიც ნომერ 44-ე განკარგულებად გაფორმდა. აღნიშნული განკარგულება გულისხმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველებისთვის, ჯანმრთელობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ადფგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარდგენილი და მოწონებული პროექტების დაფინანსებას.

აღნიშნული დებულების შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200.000 ლარია გამოყოფილი, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია წარდგენილ პროექტთაგან რომელი გახდება მოწონებული, რომელიც შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა დააფინანსოს. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დროებითმა შემსრულებელმა გურგენ სართანიამ smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, თანადაფინანსება თითოეულ პროექტზე არ უნდა აღემატებოდეს 15.000 ლარს.

გურგენ სართანიას კომენტარი:

 

აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაწ წარდგენილი პროექტები უნდა განიხილოს და შესაბამისად მათ შორის მოსაწონი ვარიანტები შეარჩიოს, რომელიც შემდგომ დაფინანსებული იქნება. კომისიას ასევე დაეკისრა ვალდებულება რიგგარეშე სხდომებზე განიხილოს წარდგენილი პროექტები. დებულებაში ასევე მითითებულია, რომ არასამთავრობო სექტორი ვალდებულია დაფინანსებული პროექტის სრულყოფილად შესრულებაზე, თუმცა განკარგულებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვის წინაშე უნდა იყოს ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშვალდებული.

დებულებაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ კომისიის რეკომენდაციები წარედგინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შემდგომში არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების მიზნით. სწორედ ამის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდა გაიცეს სპეციალური ბრძანება თანხის გადარიცხვის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა გასცეს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბრძანება, მაშინ როცა ბრძანებებს გასცემს საკრებულოს თავმჯდომარე.

დებულებაში ასევე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელდება თანადაფინანსება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ საკრებულოში , რომელთა უმრავლესობასაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეადგენენ, წინასწარ აქვთ შემუშავებული მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხა და სპეციალური სქემა. სწორედ ამის შემდეგ, 16 აპრილს, საკრებულოს თავმჯდომარის ნომერ 223-ის საფუძველზე იქმნება კომისია. კომისიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შეყვანილია მხოლოდ სამი ადამიანი. ესენი არიან: გურგენ სართანია, გოგი რევია და მადონა სახოკია. საკრებულოდან კი კომისიაში 8 ადამიანია შეყვანილი. ესენი არიან: ლევან მაქაცარია (კომისიის თავმჯდომარე), გელა თოლორაია, კახა ქირია, ბესიკ ფიფია, ბათლომე შელია, მალხაზ ციკუტანია, გიორგი გასაშვილი და ჟანა ქებურია.

ეს უკანასკნელი, ჟანა ქებურია, რომელიც კომისიის წევრად არის შეყვანილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მდივანია. არასამთავრობო სექტორისთვის გაუგებარია კომისიაში საკრებულოს მდივნის შეყვანა, თუმცა ამაზე ჯერჯერობით ხმამაღლა არ საუბრობენ. არასამთავრობოებისთვის ასევე მიუღებელია კომისიაში წარდგენილი საკრებულოს რვა წევრის არსებობა ერთი გუნდიდან.

“არაფრით არ შეიძლება ობიექტური იყოს კომისია, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” რვა წევრი განიხილავს წარდგენილ პროექტებს. ან რა ესაქმება ჟანა ქებურიას კომისიაში? აქედან გამომდინარე, გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს დააფინანსოს სატელიტი “არასამთავრობოები” და თანაც წინასაარჩევნოდ. მოვითხოვთ, რომ ყველანაირი დაფინანსებს შეჩერდეს არჩევნების დამთავრებამდე”-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ ეჭვი, რომ ეს ზუგდიდის საკრებულოს მორიგი თამაშია.

smo.ge-ს ინფორმაციით თანადაფინანსებაზე უარს აცხადებდა ზუგდიდიე მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია. ამის საპასუხოდ კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ჩაგდებით ემუქრებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა თავად გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია, რომელიც კომისიის წევრიცაა, აცხადებს, რომ არასასურველ ორგანიზაციებსა და პროექტებს გამგეობა არ დააფინანსებს.

“ის წარდგენილი პროექტები და არასამთავრობოები, რომლებიც მიუღებელი იქნება ჩვენთვის, რათქმაუნდა არ დავაფინანსებთ”-აცხადებს სართანია.

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სხდომის გამართვის თაობაზე დაუწყებულნი არ ყოფილან, თუმცა ცნობილი გახდა რომ სხდომა საკრებულოში 13.00 საათზე იყო ჩანიშნული. საინფორმაციო სააგენტო smo.ge და რადიო “ათინათი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ რიგგარეშე სხდომაზე მოხვედრას, თუმცა ამაოდ. სხდომამ ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა. საკრებულოს სხდომა, სადაც კომისიას არასამთავრობოების თანადაფინანსებაზე უნდა ემსჯელა ჟურნალისტები განგებ აარიდეს.

 

სხვა ახალი ამბები: