ცესკოს თავმჯდომარემ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

0

jvaniaცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის მზადების პროცესის დასრულების შესახებ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ხვალ, 12 ივლისს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამორმჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ 8 თვითმმართველი ქალაქის მერი და 13 მუნიციპალიტეტის გამგებელი. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია მეორე ტურის ჩასატარებლად.

ხვალ, დილის 8:00 სთ-იდან კენჭისყრისთვის 1,525 საარჩევნო უბანი გაიხსნება. თითოეული ამომრჩეველი მიიღებს ერთ საარჩევნო ბიულეტენს (მერის ან გამგებლის). ყველა საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა საარჩევნო ბიულეტენები,ოქმები და ყველა სხვა საჭირო მასალა. საარჩევნო კომისიის წევრებს გავლილი აქვთ საარჩევნო ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

კენჭისყრის პროცესს დააკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი, საერთაშორისოდა მედია ორგანიზაციები, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ მათ მეორე ტურისთვის გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 8:00 სთ-ზე დასრულდება.მას შემდეგ, რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე – results.cec.gov.ge და ყველას ექნება საშუალება თვალი ადევნოს ამ პროცესს.

არჩევნების დღეს, დილის ცხრის ნახევარზე ცესკო გამართავს პირველ საინფორმაციო ბრიფინგს და დღის განმავლობაში რეგულარულად მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

“მინდა შევახსენო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრისდღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 12 ივლისს ასევე აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. აქვე, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე კანონით იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში და მივმართო ყველა ჩართულ მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას”, _ განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

სხვა ახალი ამბები: