ძლიერი ხანძარი და 18 გამოძახება წალენჯიხის რაიონში

0

xanZariწალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიასა და ნაკიფუს ტერიტორიაზე ჩაის პლანტაციები იწვის. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას საკუთარი წყაროები აცხადებენ, დღეს აღნიშნულ ტერიტორიებზე უკვე მეთვრამეტეჯერ გამოიძახეს ხანძარსაწინააღმდეგო გასამხედროებული ბრიგადები მეზობელი რაიონებიდან. ამავე წყაროების ცნობით, ძლიერი ხანძრის მიზეზი ძლიერი ქარია, ხანძრის გაჩენის კერა კი ადგილობრივების მიერ გაველურებული ჩაის პლანტაციების გადაწვა და შემდგომში ამავე მიწის ნაკვეთების სახნავ-სათესად გამოყენება.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა გულორდავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხანძარი მართალია მძვინვარებს მაგრამ საშიში არ არის, რადგან მისი ლოკალიზება დროულად ხდება.

“უკვე თვრამეტი გამოძახება იყო დღეის მდგომარეობით ლიასა და ნაკიფუში. ძირითადად ცეცხლი გაჩნდა ჩაის პლანტაციებში. რაც შეეხება ტყის მასივებს, იქ ხანძარი არ არის. ხანძრის ლოკალიზება საბედნიეროდ დროულად ხდება, მითუმეტეს ამ ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობა ანუ დასახლებული პუნქტები შორსაა.”-აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა.