წალენჯიხაში კულტურის ცენტრის აშენებას ითხოვენ

2

936960_128651197332726_700983767_nხვალ წალენჯიხაში ადგილობრივი მოსახლეობა და საინიციატივო ჯგუფი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეატყობინეს. ადგილობრივი მოსახლეობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ტერიტორიაზე კულტურის ცენტრის აშენებას მოითხოვს და შესაბამისი მოთხოვნით მიმართვას გაუგზავნიან როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას ასევე  ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

ადგილობრივების განცხადებით წალენჯიხაში კულტურის ცენტრის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. კონკრეტულად კი საუბარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე დავით ბელქანიაზე, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე დაუფარავად განაცხადა, რომ წალენჯიხას არ სჭირდება კულტურის სახლები და ცენტრები.

“საზოგადოება “წალენჯიხა და წალენჯიხელების” წევრებთან შეხვედრისას დავით ბელქანიამ პირდაპირ დაუფარავად განაცხადა, რომ წალენჯიხელებს თუ მოუნდებათ რაიმე კულტურული ღონისძიების ან სპექტაკლის ნახვა მიბრძანდნენ ზუგდიდში და იქ ნახონო. ამას ისმენდა ის ადამიანები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარესთან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. გვაქვს ასევე ძალიან დიდი ეჭვი, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნაც კი არ გაუგზავნა იმის შესახებ, რომ რაიონს სჭირდება კულტურის ცენტრი.”-აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დავით ბელქანია დაინტერესებულია კულტურის სახლის ტერიტორიაზე ფეშენებელური სასტუმროს აშენებით. ამასთან დაკავშირებით ის რუსეთიდან ჩამოსულ ადგილობრივ ბიზნესმენს შოთა ჯანჯღავას გაურიგდა. გარიგება კი სავარაუდოდ ბიზნეს წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით შედგა.

უცნობია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგა გულორდავას პოზიცია კულტურის ცენტრის აშენებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ  გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარის ყველა ახირებას უსიტყვოდ ემორჩილება.

ადგილობრივები პოზიციებს არ თმობენ და ხვალიდან აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით ბრძოლას იწყებენ.  საინიციატივო ჯგუფი პრესკონფერენციას ხვალ 11 საათზე გამართავს, სადაც მოწვეულნი არიან რეგიონში აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

სხვა ახალი ამბები: