წალენჯიხაში ტერენტობა აღინიშნა (VIDEO)

4

10675511_708522622573443_8674841512228228114_nწალენჯიხაში სახალხო დღესასწაული გრანელობა აღინიშნა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2009 წელს და მას შემდეგ ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა: პოეტის სულის მოსახსენიებლად,დილით მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა პარაკლისი, პოეტის ნასახლარზე გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც გვირგვინით შეამკეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ღვინჯილიამ.

მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა მწერალთა კავშირიდან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან , მასპინძლებთან ერთად გადაინაცვლეს ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში, სადაც მოეწყო ახალი წიგნის „ სულის ბორკილები“–ს პრეზენტაცია. სტუმრებმა დაათვალიერეს სახლ-მუზეუმის ექსპონატები. ტერენტი გრანელის ძეგლის ავტორმა და მოქანდაკემ უშანგი ქადაგიშვილმა ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს საჩუქრად ბრინჯაოს ბარელიეფი და საკუთარი წიგნი გადასცა.

დღის მეორე ნახევარში ქალაქის ცენტრში, გრანელის ძეგლთან გაიმართა მიტინგი, რომელსაც უძღვებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა. ადგილობრივებთან ერთად მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ მწერალთა კავშირის წევრები, ახალგაზრდა პოეტები საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს პროექტიდან “რეგიონის თანამედროვე ავტორები”. პოეტებმა ჯიმშერ შენგელიამ, დემეტრე ზარქუამ, ნინო კემულარიამ და საბა ხვიჩიამ საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ დაწესდება ტერენტი გრანელის სახელობის პრემია და სტიპენდია. ასევე ღონისძიების მსვლელობისას გაჟღერდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრანგულ და რუსულ ენებზე დავით შალიკაშვილის მიერ ითარგმნა ტერენტი გრანელის პოეზია.

მიტინგის დასასრულს გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე წალენჯიხის სახელოვნებო განყოფილების მოსწავლეებისა და ქალაქ ჯვარის ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“–ს მონაწილეობით გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომლის დასრულებისთანავე, ქალაქის კინოთეატრის დარბაზში დაიდგა ლიტერატურული სპექტაკლი „ მე და ტერენტი“ , სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორიც მსახიობი სესე მიქავა იყო.

მთელი დღის მანძილზე სახალხო დღესასწაულს ლამაზ ფონად გასდევდა ქალთა ანსამბლ „ მაფშალია“–სა და სახალხო ანსამბლ „ ბედინერა“–ს მიერ შესრულებული ქართული საგალობლები.

ცნობისათვის, ცნობილი ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს, დღეს პოეტის გარდაცვალებიდან 80 წელი შესრულდა.

სხვა ახალი ამბები: