წალენჯიხაში ტერენტობის აღსანიშნავად წელს მხოლოდ 1000 ლარი გამოიყო

0

Granelis_saxl-muzeumiწალენჯიხის რაიონში ყოველწლიური დღესასწაული “ტერენტობა”, წინა წლებთან შედარებით წელს მოკრძალებულად აღინიშნება. როგორც smo.ge-მ გაარკვია ამის ძირითადი მიზეზი დაუფინანსებლობა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მწირი თანხებია.

დიდი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ტერენტი გრანელის ხსენების დღეს მისსავე რაიონში 2009 წლიდან აღნიშნავენ. ტერენტობის აღნიშნვას წალენჯიხის რაიონში საფუძველი წალენჯიხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ხარჩილავამ ჩაუყარა. მან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10.000 ლარი გამოყო და როგორც წალენჯიხელები ამბობენ, ტერენტობის დღესასწაული საერო დღესასწაულად აქცია.

“2009 წლიდან აღნიშნავენ წალენჯიხაში ტერენტობის დღესასწაულს. მაშინ წალენჯიხაში საკრებულოს გია ხარჩილავა ხელმძღვანელობდა. წალენჯიხაში ამის შემდეგ პერმანენტულად აღინიშნებოდა ტერენტობა. ტერენტის მშობლიურ რაიონში გაიხსნა მისი ძეგლი და მისივე სახელობის სკვერი. რემონტი გაუკეთდა ტერენტი გრანელის სახლ მუზეუმს. წალენჯიხას ამ დღეს სტუმრობდა უამრავი სტუმარი და მართლაც დღესასწაული იყო. წინა წლებთან შედარებით წელს ტერენტობას მოკრძალებულად ავღნიშნავთ.”-აღნიშნავს smo.ge-სთან საუბარში ა.ი.პ “კულტურის ცენტრის” დირექტორი ლევან ქარდავა.

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმის დირექტორის, ბროლისა ლუკავას განცხადებით წელს ტერენტობა მის სახლ-მუზეუმში აღინიშნება.

“წინა წლებთან შედარებით წელს უფრო ვიწრო წრეში ავღნიშნავთ ტერენტობას. ტერენტის სახლ-მუზეუმში მოეწყობა პოეზიის საღამო, სადაც წაიკითხავენ გრანელის ლექსებს. ასევე დაიბეჭდება ოთხგვერდიანი ბუკლეტები, სადაც ტერენტი გრანელის ლექსები და მისი ნახატები განთავსდება”-აცხადებს ბროლისა ლუკავა.

ტრადიციული დღესასწაული ტერენტობა 10 ოქტომბერს ისევ წალენჯიხაში აღინიშნება, თუმცა ამ დღეს ტერენტის მშობლიურ რაიონში განსაკუთრებულ სტუმრებს არ ელოდებიან. ამის მიზეზს გარკვევით ვერ ამბობენ, თუმცა პირად საუბრებში ხაზს დაუფინანსებლობას უსვამენ.

სხვა ახალი ამბები: