წალენჯიხელები პარლამენტის თავმჯდომარეს დროებითი კომისიის შექმნას სთხოვენ

0

usufashviliსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ცხელი ხაზის საშუალებით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე წალენჯიხის მოსახლეობის მორიგი ღია წერილი მიიღო, რომლის ადრესატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები არიან. ღია წერილში წალენჯიხის მოსახლეობა პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას უხდიან მათ მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე სწრაფი რეაგირებისათვის, რომელიც მათ სატელევიზიო კომენტარებში გამოიხატებოდა. რამდენიმე საათის წინ მიღებულ ღია წერილში კი წალენჯიხელები სპეციალური დროებითი კომისიის გამოყოფას ითხოვენ, რომელიც დეტალურად შეისწავლის წალენჯიხის რაიონში მიმდინარე მოვლენებს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ ელექრონულ ფოსტაზე მიღებული ღია წერილის ტექსტს:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს;

საქართველოს პარლამენტის წევრებს;

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს

წალენჯიხის მოსახლეობის  ღია წერილი.

წალენჯიხის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დღეს დილით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შენობის პიკეტირება მოახდინა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა ამდენი უსამართლობა იმის ფონზე, რომ უკეთესი მომავლის მოლოდინში ვიყავით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში მხოლოდ თავმჯდომარე და გამგებელი შეიცვალა. სხვა წამყვან თანამდებობებზე ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ის ზონდერები რჩებიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მართავდნენ წალენჯიხას და უამრავ უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ. წალენჯიხის ერთპიროვნული მმართველი ამჟამად “ქართული ოცნების” სახელით მოსული დავით ბელქანია გახდა, რომელიც დღემდე ხელს აფარებს “ნაციონალებს” და მათ “გაპრავებას” ცდილობს. მისი განმარტებით ის ვერ მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდნენ “ნაციონალები” და ხალხს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით ვერ გაათავისუფლებს. არადა სწორედ ის იქცევა ზუსტად ისე, როგორც “ნაციონალები” იქცეოდნენ, ლობირებს საკუთარ ბიზნესს (სამარშრუტო მიკროავტობუსები  წალენჯიხაში სწორედ მისი ბიზნესია) და მოსახლეობის გასაჭირი არ აინტერესებს.

ჩვენ დღეს დავაყენეთ საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე, რომ მოაგვაროს წალენჯიხაში მიმდინარე პრობლემები, აღმოფხვრას უკანონობა, რაზეც სიტყვიერად დაგვთანხმდა, თუმცა დავით ბელქანიას შეპირებების ნაკლებად გვჯერა. თუ ბელქანია აპრილის ბოლომდე არ მოაგვარებს იმ მოთხოვნებს რაც ხალხს გააჩნია წალენჯიხაში, მაშინ გპირდებით, რომ თავად ხალხი აიღებს საკუთარ თავზე ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებს.  ჩვენ გვჯერა ახლად არჩეული ხელისუფლების, თუმცა კიდევ განვმეორდებით, რომ წალენჯიხაში არაფერი შეცვლილა. ან რა უნდა შეიცვალოს იქ, სადაც გამგებელი “ქართული ოცნებაა” მაგრამ მისი ორი მოადგილე “ნაციონალური” სულისკვეთების მატარებელია. წალენჯიხის გამგებელი ფაქტიურად ვერაფერს წყვეტს წალენჯიხაში თუ არ იქნება დავით ბელქანიას ნება დართული. ამას რა ჰქვია? ამას არ ქვია დემოკრატია და ხალხის ხელისუფლება, ეს ისევ კლანური ხელისუფლებაა. წალენჯიხელები არ დაუშვებენ ისევ კლანურ მმართველობას, ამიტომაც გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება, ჩამოხვიდეთ წალენჯიხის რაიონში და ადგილზე გაეცნოთ ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას, ადგილზე მოისმინოთ ხალხის აზრი და შეისწავლოთ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკა.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

გთხოვთ გამოყოთ დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც ძირეულად შეისწავლია წალენჯიხაში მიმდინარე მოვლენებს და მისცემს ხალხს იმის საშუალებას ადგილზე ჰყავდეს ხალხზე მზრუნველი ადგილობრივი ხელისუფლება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც წინა წერილზე, ამ წერილზეც იქნება შესაბამისი რეაგირება და გულთან ახლოს მიიტანთ თქვენი ამომრჩევლის, ხალხის სატკივარს.

სხვა ახალი ამბები: