წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეს გამგებლის კაბინეტში დაუპირისპირდა

2

DSC01319წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგა გულორდავას კაბინეტში დღეს ინციდენტი მოხდა. გამგებლის კაბინეტში სტუმრად მისულ ”ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბერდია კალანდიას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია დაუპირისპირდა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა.

”მე რაღაც საკითხთან დაკავშირებით მისული ვიყავი მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგა გულორდავასთან. ამ დროს გამგებლის კაბინეტში შემოიჭრა დავით ბელქანია, რომელმაც ჩემი შეშინება დაიწყო და მემუქრებოდა. მან სიტყვასიტყვით მითხრა, რომ ამ წუთას აქვე, გამგებლის კაბინეტშიც გცემდი საკრებულოს თავმჯდომარე რომ არ ვიყოო, მაგრამ მერე შენ მიჩივლებდიო.”-აცხადებს ბერდია კალანდია.

საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებლის კაბინეტში თან ახლდნენ წალენჯიხის გამგებლის ორი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის კადრი და მისი კარის მეზობელი გიორგი ლუკავა და თენგიზ ფიფია. როგორც ”ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბერდია კალანდია smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, ”ამბოხებულ” საკრებულოს თავმჯდომარეს ჯერჯერობით უსტატუსო კობა შანავაც შემოუერთდა. მან დავით ბელქანიასთან ერთად ბერდია კალანდიას წინააღმდეგ ”გაილაშქრა”.

”ჩემთვის ამ წუთებშიც გაურკვეველია თუ რა იყო მათი დაპირისპირების მიზეზი, თუმცა შანავაც და ბელქანიაც დღეს განსაკუთრებულად გაღიზიანებულები ჩანდნენ. ისინი მარშუტკაში მოსმენილი ამბების დონეზე მელაპარაკებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარე მეუბნებოდა, შენ ჩემზე ცუდი ამბები გილაპარაკია მარშუტკაშიო. ეს დამერწმუნებით რომ ძალიან სასაცილოა, მითუმეტეს საკრებულოს თავმჯდომარის არგუმენტებისთვის”-აცხადებს ბერდია კალანდია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს თავად გამგებელიც. გოგა გულორდავას განცხადებით არაფერი სერიოზული არ მომხდარა და თან ამ დროს სამუშაო დროც დამთავრებული იყო.

”ისეთი არაფერი მომხდარა, რაც მოუგვარებადია. ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ დსა ერთმანეთში მოვრიგდებით. ასეთი კამათი და საუბრები ყოველთვის მომხდარა და დიდ კონფლიქტში არასოდეს გადაზრდილა. ასე რომ ეს არაფერია”-აცხადებს გოგა გულორდავა.

დაპირისპირება ბერდია კალანდიასა და დავით ბელქანიას შორიის, ამ უკანასკნელის დიდი ხნის ოცნებით, ბერდია კალანდიას ცემით დამთავრდებოდა, რომ არა გამგებლის მოადგილე თენგიზ ფიფია. მან გააფთრებული საკრებულოს თავმჯდომარე შექმნილ სიტუაციას განარიდა და ამით სიტყვიერი დაპირისპირების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდა თავიდან აიცილა.

”ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბერდია კალანდია დღეს მომხდარ ინციდენტზე საჩივრის შეტანას აპირებს, თუმცა სად და რა ფორმით, მას ჯერ არ დაუკონკრეტებია.

სხვა ახალი ამბები: