წლის ბოლოს “ენგურჰესი” მუშაობას შეაჩერებს

0

PANOენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განმარტებით, მის უწყებას ჰესის რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა აქვს, რომლის განხორციელებაც წლის ბოლოსთვის დაიწყება. მინისტრის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესში “ენგურჰესის” გაჩერება მოხდება.

“ერთის გარდა ყველა ჰიდროელექტროსადგური პრივატიზებულია და კერძო ბიზნესის ხელშია. სახელმწიფოს კუთვნილება ერთადერთი “ენგურჰესია”. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და პროექტები ამ სადგურის აგრეგატების რეაბილიტაციის და ამას 2015 წლის ბოლოსთვის დავიწყებთ. მოგვიწევს გარკვეული დროის მანძილზე სადგურის გაჩერება, რათა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ მთელი კომპლექსი გარკვეულწილად მდინარე ენგურის ორივე მხარეს არის გაყოფილი. კაშხალი არის წალენჯიხის რაიონში, ელექტროსადგური კი გალის რაიონში. “ეჰგურჰესის” მეშვეობით ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება ხდება.