ხვალ ანაკლიაში საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი ტარდება

0

201302080413250ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამ”-ის ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით ხვალ ანაკლიაში, სასტუმრო “პალმ ბიჩ”-ის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი ტარდება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები; ასევე, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები; თხილის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები, აგრეთვე შპს “აგრიჯორჯია”-ს (კორპორაცია “ფერერო”-ს შვილობილი კომპანია) და თხილის გადამმუშავებელი სხვა ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილე მხარეები გაეცნობიან საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს თხილის დარგთან მიმართებაში და აგრეთვე წარმოადგენენ თავიანთ ხედვებს, პროგრამებსა და დარგში არსებულ პრობლემატიკას. გაიმართება საზოგადოებრივი დისკუსია, რაც საზოგადოებრივი დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძველს შექმნის.