ჯანო შენგელია: “ასე, ბანალურად…”

1

68x72e_largeზოგჯერ ცას ისე გამოაყრის ვარსკლავები როგორც ჩემს თეთრ ფურცლებს შავი სტრიქონებით შენი მონატრება. და როცა ჩვილი აისი თვალებს მოიფშვნეტს , ნარიყალადან მოვარდნილ ქარს კალათით ჩამოაქვს ოქროს სხივები რომ შენს თმებში სათითაოდ დათესოს. ხოლო ქვეყნის დასალიერში , ჩემს ფეხებთან ძაღლივით დამწვარა სიმარტოვე და კვალში ჩრდილივით აყოლილი შენი სურნელი სუროსავით დახვევია ძალაგამოცლილ სხეულს. მიჭერს ეშვიან საცეცებს და სისხლივით მწოვს უკანასკნელ იმედებს, რომ საბოლოოდ აღარ დავაყოვნო და წითლად გადავღებო მტვრიანი იატაკი.

იცი ? ახლა ოთახში ხუთნი ვართ – მე და კედლები. ხოლო უსივრცობაში , ფხიზელი თვალებით ვხედავ როგორ ვარდება დედამიწა ციდან წვიმის წვეთივით. (და სისხლიან ორბიტაზე გაქონილი კაცივით ძლივს მილასლასებს უთარიღო კალენდარი.) ალბათ ცხოვრებაც ამას ქვია, დაბადებიდანვე ბედი ზურგზე უხილავ ხურჯინს მიგვაკერავს და რაც დრო გადის ხურჯინი ივსება გაუაზრებელი შეცდომებით, ალბათ ამიტომაც ვიხრებით წელში. ცხოვრება ხომ დიდი წიგნია, ხოლო ერთი დღე ამ წიგნიდან ამოხეული გვერდი, რომლის წაკითხვაც არ შეგვიძლია. დღეს ყველას ფასი დაადეს, თუმცა უმეტესობა უფასურია და ისე იხრჩობა მარაზმში როგორც დამშრალ გუბეში ამება.. დამაგვიანდა.

არადა თითქოს ყველაზე ადრე მოვედი შენთან, მოვედი როგორც პირველი ფიფქი და შენს შუბლზე დამდნარი, ცრემლივით ჩამოვვარდი წამწამებიდან. ახლა კი ზეცას საქანელასავით კიდია მთვარე და კაბადონზე წითელასავით გამოყრილი ვარსკლავები შენს მონატრებას მაგონებენ ჩემს თეთრ ფურცლებზე. ასო ასო რომ დავკრიფე და შავი მელნით გავაფერადე. ახლა ოთახში ექვსვნი ვართ – მე კედლები და სიმარტოვე…

სხვა ახალი ამბები: