ჯონდი ბაღათურია: “ქართული ოცნება” გავა პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე – ბაქრაძე”

0

jondi_bagaturiaoკარტელური შეთანხმებაა “ნაციონალებსა” და “ოცნებას” შორის? “ნაცები” რომ ყველა ბიზნესის წილში ისხდნენ, ბავშვმაც კი იცის. მოვიდა «ოცნება», ბიზნესის წილებიდან “ნაციონალები” არ ამოძირკვა _ “პოლიტიკური დევნა” რომ არ ყოფილიყო, ამიტომ “მეოცნებეები” წილების წილებში ჩაუსხდნენ “ნაცებს”… ივანიშვილის ხელისუფლება, “ნაცების” ალტერნატივად კი არა, ლოგიკურ გაგრძელებად ჩამოყალიბდა! _ ამის თაობაზე “საქართველო და მსოფლიოს” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა.

_ “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებებიდან მეათედიც არ შესრულებულა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხალხის ოცნება დაიმსხვრა, დიდი იმედგაცრუების დრო დადგა, რამ გამოიწვია ეს?

_ დავიწყებ იმით, რომ სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ბოკერიამ დარჩენილი ცხოვრება ციხეში უნდა გაატარონ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, საარჩევნო დაპირებები არ შესრულებულა. და გაინტერესებთ, რატომ გატეხა სიტყვა “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ლიდერმა? რატომ არ ასრულებს საარჩევნო დაპირებებს? კი, ბატონო, გეტყვით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება შეეჩვიოს ხალხის წიაღიდან გამოსული კანდიდატების არჩევას და არა გარედან დანიშნული ლიდერებისთვის მხარდაჭერას. საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდნენ ადამიანები (ჯერ შევარდნაძე, შემდეგ სააკაშვილი და ახლა ივანიშვილი), რომლებიც ანგარიშვალდებულად ქვეყნის გარეუფროსებთან თვლიან თავს და არა საკუთარ ხალხთან. არადა, ქვეყნის ლიდერი, პირველ რიგში, საკუთარ ხალხთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული, ამიტომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი ლიდერები, ხალხის წიაღიდან გამოსული ადამიანები.

_ მაგრამ ხალხი ივანიშვილს თავის ლიდერად თვლიდა და დარწმუნებული იყო, რომ მისთვის ქართული ინტერესებია მთავარი…

_ ასეთი განცდა მეც მქონდა, თუმცა საჭიროზე მეტი დოზით გადაწყვეტილების მიღებაში რესპუბლიკელების ჩართვა ჩემთვის უკვე სიგნალი იყო. სწორედ რესპუბლიკურმა პარტიამ ჩაშალა ჩვენი მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასთან”, თანაც ისე, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, ჩემთვის დაებრალებინა (ჯონდიმ უარი განაცხადაო). კარგად ვიცი, რატომ მოხდა ეს, მაგრამ ამაზე საუბარი ახლა არ მინდა.

_ აბა, როდის გვეტყვით, რატომ დაგბლოკეს რესპუბლიკელებმა?

_ ეს სიტყვა არ მომწონს, ისინი ვერავის დაბლოკავენ… მინდა გითხრათ, ისინი სულ დაბლოკილები იყვნენ და იქნებიან მომავალშიც. ხელისუფლებაში ეს ორდღიანი მოსვლა რითაც დამთავრდება, ამას მალე ნახავთ. ჩვენ შორის ღირებულებათა კონფლიქტი არსებობს და ეს ძალიან ბუნებრივია, რადგან ჩვენ ქართული დასი ვართ, ისინი კი ე.წ. ლიბერალები, უფრო სწორად ლიბერტარიანელები (ახლა ასეა მოდაში), რომელთათვისაც მთავარი ღირებულება სულაც არ არის სამშობლო, ერი და მამული. საერთოდ, ეს ღირებულება არ არის ამ ცნობიერებისთვის და ბრძოლისა და სიძულვილის მთავარი ობიექტი სწორედ ეკლესია, ერი და სამშობლოა. ხიდაშელ-უსუფაშვილი და ბერძენიშვილები ლიბერალები არიან, ამას არც მალავენ, მეტიც, ამით ამაყობენ. ჰოდა, როცა შენ ანგარიშს უწევ ქვეყნის გარეთ არსებული გარკვეული წრეების აზრს და არა შენი ხალხისას, მაშინ იმ დაპირებებს ვერ შეასრულებ. ვფიქრობ, ივანიშვილს არ უნდოდა ხალხის მოტყუება (ასე მინდა ვიფიქრო!), მაგრამ ის დამოკიდებული იყო და არის რაღაც წრეებზე.

_ გამოდის, ხელისუფლების ჩანაცვლება იმიტომ მოხდა, რომ რევოლუცია აეცილებინათ თავიდან?

_ ამ წრეებმა თავის დროზე ხელისუფლებაში მოიყვანეს სააკაშვილი, ივანიშვილის მოსვლას კი ხელი არ შეუშალეს. მოდი ობიექტურები ვიყოთ, იმიტომ არ შეუშალეს ხელი, რომ რაღაც ვალდებულებები, როგორც ჩანს, არსებობდა. ალხანა ჩაანაცვლეს ჩალხანათი, ანუ “ნაციონალური მოძრაობა” _ რესპუბლიკური პარტიით და რეალურად ხელისუფლება არ შეცვლილა. ივანიშვილი გამოიყენეს შირმად, რათა ხელისუფლება არ შეცვლილიყო, მხოლოდ სახელი და გვარები შეიცვალა. ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ნაცვლად არის ხიდაშელ-უსუფაშვილი. ხოლო გარედან ვინც მართავდა ქვეყანას ბოკერია-ჩერგოლეიშვილისა და სააკაშვილის საშუალებით, იგივენი მართავენ ახლაც, ოღონდ უსუფაშვილ-ხიდაშელის მეშვეობით, მიხვდით?!

_ ანუ გარედან არსებობს დავალება და ამიტომაა, რომ არც ტარიფები განახევრდა, არც ბენზინის ფასმა დაიკლო… მოკლედ, ვერც კი ჩამოვთვლი, რამდენი რამ არ შესრულდა…

_ დაპირებების შეუსრულებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ივანიშვილის გუნდის ანგარებასა და სიხარბესთან. ბენზინი რატომ არ გაიფდა? იმიტომ, რომ ბენზინზე მონოპოლია შენარჩუნდა. თქვენ “ვისოლის”, “რომპეტროლის”, “სოკარის” და “გალფის” გარდა ხედავთ ახალ სადგურებს? არა, ხომ? ძველი კარტელური შეთანხმება ისევ ძალაშია. უკანონო, კორუფციული ზედმეტი ფასიც ამიტომ არის შენარჩუნებული, ოღონდ მაშინ სააკაშვილთან მიდიოდა, დღეს კი მიდის იმათთან, ვინც კეზერაშვილი ჩაანაცვლა, ანუ რეალურად ერთმა კლანმა ჩაანაცვლა მეორე, ზოგ შემთხვევაში არც ჩაანაცვლა. მაგალითად, ბენზინის ბიზნესში კეზერაშვილი შენარჩუნებულია. ბიზნესმენების სლენგი მინდა ვიხმარო ჩაიწი-ჩამოიწიეს, ჩააჩოჩეს კეზერა და ახალი კეზერა ჩაჯდა, მაგრამ ის ძველი კეზერა მაინც დარჩა. არც სხვა ბიზნესშია არსებითი ცვლილებები, მაგალითად, ფარმაცევტულ ბიზნესში. რატომ არ იხსნება ახალი აფთიაქები? ეს ხომ ყველაზე მაღალრენტაბელური ბიზნესია? არ აძლევენ ახალ ფირმებს ამის საშუალებას და იმიტომ. ვიმეორებ, კორუმპირებული კლანი შენარჩუნებულია. “ნაცმოძრაობის” კრიმინალურ ოჯახებთან, რომლებიც სხვადასხავა ბიზნესს აკონტროლებდნენ, მიდის გარიგებები, რომ ფულს დახარბებული “ქართული ოცნების” წევრები ჩაჯდნენ წილებში. ზოგიერთ ბიზნესში ეს დალაგდა, მაგალითად, საწვავის ბიზნესში. ჩაჯდნენ წილში და დაწყნარდნენ. ზოგან კი მიდის ბრძოლა. ხალხს ართმევდნენ ბიზნესებს, ერთი მაინც ნახეთ დაბრუნებული?

_ წართმეული ქონება ვინმეს დაუბრუნდა?

_ არავის, წართმეული სახლიც კი არ დაბრუნებია ვინმეს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. პირველი, დაიბრუნა 100 მილიონი, რომელიც ნამდვილად უსამართლოდ წაართვეს, შეაწერეს, მაგრამ ასე შეაწერეს ბევრ სხვას და რიგში პირველი შენ რომ აღმოჩნდები, როცა შენ ლიდერი ხარ, ეს, რბილად, რომ ვთქვათ, უხერხულია. შერჩევითი სამართალია, აბა, რა არის?! მე რომ სადმე მივდივარ და რიგი დგას, იქ თუ ხალხი მცნობს და მეუბნება, ბატონო ჯონდი, მიბრძანდითო, უარს ვამბობ, არ გავდივარ, რადგან მერიდება, ჩემი მხრიდან ეს ჩემი მდგომარეობის არაკეთილსინდისიერად გამოყენება იქნება. ხედავს კი ივანიშვილი, რომ ხალხს წართმეული ქონება არ დაუბრუნეს? მისი სიმაღლიდან, ალბათ, ეს არ ჩანს, ხოლო თუ ხედავს ამას და არაფერს აკეთებს, ეს კიდევ უფრო ცუდია. აი, მის დაბლა ჩამოყვანას ვცდილობ მე ჩემი კრიტიკით.

სხვათა შორის, ქონების დაბრუნებაზეც იგივე ხდება, რაც ბიზნესში: დადგა რიგი იმ ადამიანებისა, რომელთაც ქონების დაბრუნება უნდათ, მაგრამ “ქართული ოცნების” ფულს დახარბებულმა გარემოცვამ, ერთის მხრივ, დაიწყო მოლაპარაკებები იმავე “ნაცებთან”, ანუ წამრთმევებთან, მოდი, არაფერს ჩამოგართმევთ, ოღონდ წილში ჩვენ ჩაგიჯდებითო; მეორე მხრივ, ვინც განცხადებას წერს ქონების დაბრუნებაზე, იმათ ეუბნებიან, _ გადაიხადე ამდენი, ხომ იცი, იქ დიდი რიგია და რიგში ცოტა წინ წაგწევთო. სამარცხვინო სიტუაციაა.

_ ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ უნდა მისცეს ხმა ქართულმა საზოგადოებამ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს? და თქვენ რას აპირებთ, ბურჭულაძის უარის შემდეგ?

_ “ქართული ოცნების” კანდიდატს, როგორი კარგი კანდიდატიც არ უნდა იყოს, არ უნდა მისცეს ხალხმა ხმა. არ შეიძლება, რომ ძალაუფლების ყველა შტოს ისინი აკონტროლებდნენ, ქვეყანაში უნდა იყოს ბალანსი. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენ თავის დროზე პაატა ბურჭულაძის კანდიდატურა, თუმცა პაატამ საკმაოდ სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი პოლიტიკაში მისი ჩართვა.

ახლა რას ვაპირებთ? პირველ რიგში, ვცდილობთ, რომ შესაბამისი საარჩევნო გარემო შევქმნათ, რომ ღირდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა უპრეცენდენტო საქციელი, ასეთი რამ მე არ მახსოვს. დიახ, რისი მნახველი არ ვარ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ასეთი რამ არ მახსოვს, მსგავსი რამ “:ნაცებსაც” კი არ ჩაუდენიათ. 4 თვე ვმუშაობდით საარჩევნო კოდექსზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, რომელზეც შევთანხმდით და რამდენიმე დღის წინ შეთანხმება ჩაშალეს, ვითომ იმიტომ, რომ ქდმ-მ ხელი არ მოაწერაო. ჯერ ერთი, ქდმ-ს ჭკუაზე როდის დადიოდა ივანიშვილი, თარგამაძეს სულ აგინებს; მეორეც, ქდმ-მ ბოლოს მაინც მოაწერა ხელი.

_ აბა, რა მოხდა?

_ ვფიქრობ, რაღაც ვაწყენინე (პაატა ბურჭულაძის თემა), გაჭედეს ამ დაფინანსების საკითხზე. არის მოსაზრებაც, რომ “ნაცები” და “ქართული ოცნება” გარიგდნენ. თუ ეს მდგომარეობა შენარჩუნდა “ქართული ოცნება” გავა პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე – ბაქრაძე. ბაქრაძე მიულოცავს, აღიარებს მათ გამარჯვებას, ისინი მეორე ადგილს მიულოცავენ, გაიფორმებენ მათ ოპოზიციად, (ქვეყნის გარეთ, ჩვენ კი არა, “ნაცებს” აღიარებენ მათი უფროსები) და განაგრძობენ კოაბიტაციას, ეს არის რა. კოაბიტაცია გადაწყვეტილი თემაა და, თუ კინკლაობენ ხოლმე, _ ფულის საკითხზე და არა სხვა რამეზე. თუ საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, ჩვენ კოლეგებთან ერთად უნდა დავიწყოთ არჩევნების ნდობის საკითხის განხილვა. როცა შენ მონაწილეობ, ნიშნავს, რომ ენდობი არჩევნებს და, თუ არ ენდობი, მაშინ არ უნდა მიიღო მონაწილეობა.

_ სხვათა შორის, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია დასრულდებაო, გჯერათ?

_ დავით ზურაბიშვილს ვინ ეკითხება, სულელია, ორ ბატს ვერ მიაბარებენ. რა დასრულდება, რის დასრულდება, შემდგარია უკვე. მითხრან, რას აპირებენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კარგით რა, უკვე ვეღარავის მოატყუებენ!

geworld.ge

სხვა ახალი ამბები: