გიორგი სანაიას ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს

0

sanaiaჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს და უახლოეს მომავალში პროკურატურას მიმართავს. მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, ახლობლები და ჟურნალისტები დღეს ტრადიციულად, გიორგი სანაიას დაბადების დღეზე მის საფლავზე შეიკრიბნენ, სადაც ოჯახის წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

,,სასამართლო სხდომებით ყველაფერი ფალსიფიცირებულად წარიმართა. ამიტომ ამ საქმის ხელახალი გამოძიებაა საჭირო. ჩვენ ამისთვის მივმართავთ პროკურატურას. ჩვენი ოჯახი ყველანაირად დავეხმარებით, რომ დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება, დადგინდეს სიმართლე, თუ ვინ, რატომ, რა მიზნით შეუკვეთა ეს პოლიტიკური მკვლელობა. ვინ იყვნენ თანამონაწილეები, დამხმარეები”-აღნიშნა ვახო სანაიამ.

მისი თქმით, გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას საქმეში მონაწილეობა არ გამოირიცხება, თუმცა მის მიერ დასახელებული მიზეზები არსებითი არ არის. მკვლელობა გახსნილი არ არის და შემკვეთები არ დასჯილან.

გიორგი სანაიას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს.

სხვა ახალი ამბები: